მოძველებული საბჭოთა ნორმები და კადრების დეფიციტი - რატომ ჭიანურდება ინფრასტრუქტურული პროექტები

ინფრასტრუქტურული დარგის რეფორმირება, მოდერნიზება, ერთიანი გრძელვადიანი სტრატეგიით განვითარება არ ხორციელდება - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში გაჭიანურებულ პროექტებთან დაკავშირებით აცხადებენ.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, საქართველოში დღეს არ არსებობს ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურის დარგი, კომპანიები ქაოსურად მუშაობენ და მოდერნიზაციას ცალკეული კომპანიები ახორციელებენ.

„აქედან გამომდინარე, სხვადასხვა პრობლემური საკითხები წამოყოფს ხოლმე თავს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში პროექტების და ზოგადად მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის სტანდარტები და შემდგომ უკვე ხელშეკრულების პირობების გადახედვის თემა. ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით სამი ცალკეული პრობლემა არის: ერთი ის, რომ სტანდარტი რითაც სტრუქტურირება ხდება, არის მოძველებული საბჭოთა „სნიპები“, ნორმები, რომლებიც 1992 წლამდე მოქმედებდა, კვლავ მათი გამოყენებით ხდება ხარჯთაღრიცხვა, შემდგომ დაექსპერტება და საზედამხედველო სამუშაოების ნაწილში გადამოწმება, თვითონ ის ერთეულის ფასებში ისეთი მონაცემები არის გამოყენებული, რომ არც მოკვლევადია და არც სანდო მონაცემებზე დაყრდნობით არ არის გადამოწმებადი“, - ამბობს საბახტარიშვილი.

მანვე ისაუბრა ზედნადებისა და ზღვრული ნორმების არაადეკვატურობის შესახებაც. მისი თქმით, სექტორი დღეს 2012 წლით დადგენილი ზღვრული ნორმებით მუშაობს.

„არც ზედნადები და ზღვრული ნორმები არის ადეკვატური. 2012 წელს დადგენილი ზღვრული ნორმებით ვმუშაობთ. საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმას, რომ ერთის მხრივ არის კონკურენცია ტენდერებში, ვერავინ ვერ იტყვის, რომ კონკურენცია არ არის, მაგრამ ნაკლებად ინტერესდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხარისხზე არიან ორიენტირებულები და დროში ეფექტურად ჩააბარებენ პროექტს, არ შეექმნებათ პრობლემა ვადასთან, კრედიტორებთან ან მუშახელთან. მუშახელი ძალიან მნიშვნელოვანი წილი არის ხარჯთაღრიცხვაში, შეიძლება პროექტის გაჭიანურება არ ხდება, მაგრამ მუშახელის დავალიანებები არის ხოლმე კომპანიის მხრიდან“, - დასძინა მან.

როგორც საბახტარიშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი პრობლემაა ფასთა ინდექსაციაც, რომელიც ასევე რეგულირებას საჭიროებს.

„ფასთა ინდექსაციაც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ასევე უნდა დარეგულირდეს იმისთვის, რომ ხარისხზე და სწორად მოაზროვნე და სწორი მენეჯმენტით მომუშავე კომპანიებისთვის იყოს მეტი დაინტერესება სახელმწიფო ტენდერებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით. იმიტომ, რომ ასეთი კომპანიები უყურებენ რისკებს და რისკების გონივრულ გადანაწილებას და გონივრული გადანაწილება არის ინდექსაციის სწორი გადანაწილება“, - ამბობს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ინფრასტრუქტურული მიმართულებით ასევე დიდი გამოწვევაა კადრების გადინება როგორც სექტორიდან ისე ქვეყნის გარეთ. როგორც საბახტარიშვილი ამბობს, ასოციაცია მუშაობს კადრების მოკლევადიანი გადამზადებისთვის, თუმცა ეს უფრო მეტად სისტემურ ჩართულობას მოითხოვს.

„კადრის დეფიციტი არის. არის გადინება ქვეყნიდან. სამშენებლო დარგისთვის, რომელიც დიდი მოცულობით ახდენს მუშახელის უტილიზაციას, ეს მტკივნეული საკითხია. ველოდებით, რომ მაქსიმალური ჩართულობა იქნება თავად კომპანიების იმისთვის, რომ დააორგანიზონ გადამზადების პროცესები, იმისთვის რომ იყოს ხარისხი, მეტი მუშახელი და ნაკლებად გაედინებოდეს ქვეყნიდანაც და სექტორიდანაც“, - აღნიშნა მან.

მერი ტაბატაძე