სანქცირებულმა „სბერბანკმა“ საქართველოში გადარიცხვები დაიწყო - რუსი უფლებადამცველი

სანქცირებულმა რუსულმა „სბერბანკმა“ თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო. ამის შესახებ საქართველოში 2019 წლიდან მცხოვრები რუსი უფლებადამცველი, ნიკოლაი ლევშიცი წერს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის მეცნიერ-თანამშრომელია.

„ახალი დანიშნულების ქვეყანა გამოჩნდა კომპანიის განახლებულ აპლიკაციაში... კურსი მეტად დიდია (39.36) და შეიძლება ითქვას, რომ ეს ძარცვაცაა, მაგრამ გადარიცხვების ფაქტი არსებობს და ფული საკმაოდ სწრაფად ირიცხება,“ - წერს ლევშიცი თავის პორტალ nlevshits.com-ზე, რომელიც მან 2022 წლიდან ჩაუშვა და რუსულ ენაზე საქართველოს ამბებს გადმოსცემს.

ნიკოლაი ლევშიცი წერს, რომ „ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ეროვნული ბანკის რეაქცია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გადარიცხვები ხდება „სბერბანკით,“ რომელიც მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება და SDN-ის სიაში შედის.“

იქვე ის განმარტავს, რომ SDN-list აშშ-ის ხა­ზი­ნის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის (OFAC) სან­ქცი­ა­და­კის­რე­ბულ პირ­თა და ორგანიზაციათა შავი სი­ა­ა, რომლებთანაც აშშ-ის მოქალაქეებსა და ქვეყნის მუდმივ რეზიდენტებს ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ.

თავად „სბერბანკის“ ვებგვერდზე უცხოური გადარიცხვების მიმართულებებს შორის საქართველო დასახელებულია. ამასთან, სულ 17 მიმართულებას შორის ცალკე არის ნახსენები აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთიც.“ კერძოდ, ეს მიმართულებებია: აფხაზეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, დნესტრისპირეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და „სამხრეთ ოსეთი.“

ცნობისთვის: Free Russia Foundation, რომელშიც ნიკოლაი ლევშიცი მუშაობს, Facebook-გვერდზე წერს, რომ ორგანიზაცია „პროდემოკრატიული საზოგადოების მხარდასაჭერი მრავალფუნქციური ფონდია,“ რომლის სათაო ოფისიც ვაშინგტონში მდებარეობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

იხილეთ ასევე: „ტექნიკურად შეუძლებელია“ - საბანკო ასოციაცია „სბერბანკიდან“ საქართველოში გადმორიცხვებზე