"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონში 1 ივნისიდან ცვლილებები შედის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცვლილებების განხორციელება აქტუალური გახდა "საქსტატის" საქმიანობის პრაქტიკიდან, აგრეთვე სტატისტიკის, როგორც დარგის დინამიურობიდან და მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე.

"კანონის ცვლილებების მომზადების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება სტატისტიკის იმ ნაწილში, რომლის ასახვაც შესაძლებელია "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონში. კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანია საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების გზით, გაერო-ს ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის გათვალისწინებით, უზრუნველყოს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ხარისხის გაუმჯობესება ქვეყანაში. შესაძლებლობისა და საჭიროების შესაბამისად, სტატისტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცვლილების თანახმად, განისაზღვრა სტატისტიკური კითხვარის შევსების ვალდებულება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირებისთვის და დადგინდა სანქცია ინფორმაციის წარუდგენლობისათვის (თავდაპირველად გაფრთხილება, შემდგომ პირის დაჯარიმება 200 ლარით); დაკონკრეტდა კანონის მიზანი და რეგულირების სფერო, დაემატა საერთაშორისო საფუძვლები, კერძოდ, გაერო-ს ფუნდამენტური პრინციპები (10 პრინციპი) და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსი. დაემატა სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განმარტება; იცვლება საქსტატის საბჭოს არასაჯარო მოხელე წევრების შერჩევის პრინციპი, რომელსაც ემატება საჯარო წევრების ღია კონკურსით შერჩევა; "საქსტატში" შეიქმნება საკონსულტაციო ორგანო - საქსტატის მრჩეველთა საბჭო, რომელიც საქმიანობს ანაზღაურების გარეშე და დაკომპლექტდება დარგის სპეციალისტებით, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით; ამასთანავე, სხვა შინაარსობრივი და რედაქციული ხასიათის ცვლილებები.

"წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტი მეტად დაახლოებულია ევროპული სტატისტიკის წარმოების პრინციპებთან და მეთოდებთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული სტატისტიკური სისტემის სტატისტიკის მსოფლიო სისტემაში მჭიდრო და ეტაპობრივი ინტეგრირების პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.