"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონერების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები"

პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, პენსიონერებისა და პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პრობლემატიკით დაინტერესებისთვის, ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზოგადად, როგორც არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონერების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

„პენსიონერებთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მექანიზმის და მათი უფლების დაცვის ნაწილში არსებული ყველა გარანტიის ზედმიწევნით აღსრულებისთვის, ჩვენ, როგორც ეროვნული ბანკი, ჩვენს ნაწილში მუდმივად ვმუშაობთ“, - განაცხადა თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებს, ვინც სებ-თან სამუშაო ჯგუფის ფორმატში ამ თემაზე თანამშრომლობდა.

შეგახსენებთ, რომ პენსიონერებს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტი შეუმცირდებათ. ჯამში საუბარია 150 000-ზე მეტ სესხზე.

დღეს პარლამენტში დეპუტატები ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას უსმენენ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას 7-მა დეპუტატმა - ალექსანდრე ელისაშვილმა, თეონა აქუბარდიამ, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ქეთევან თურაზაშვილმა მიმართა.