პორტალზე აიტვირთება, რომელმა ფერმერმა რა შეიძინა - დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა წესდება

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, თხილის სუბსიდიების არამიზნობრივი ხარჯვისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდება.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, შეიქმნება პორტალი, სადაც თითოეული მაღაზია აღრიცხავს, რომელმა მეთხილე ფერმერმა რა რაოდენობის და რა სახის პესტიციდები შეიძინა.

„იყო ასეთი ცდუნება მაღაზიებისა და ფერმერებისთვის, რომ გარდა პესტიციდებისა, იყო სხვა მიზნით გამოყენებული. ეს არის თხილის სუბსიდირების პროგრამა და არ უნდა იყოს გამოყენებული არც სხვა კულტურაზე, მიზნობრიობის თვალსაზრისით და არც სხვა სასოფლო-სამეურნეო ნივთი არ უნდა იყიდო, ბუნებრივია ნამგალი და ურო არ უნდა იყიდო, ამის ცდუნება იყო. რაღაც ხარვეზები დაფიქსირდა ამ მიმართულებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ინფორმაციების საფუძველზე სამინისტროსთან, რომ საჭირო იყო მეტი მონიტორინგი პროცესში,“ - ამბობს თოდუა.

მისივე თქმით, მაღაზიებს ფერმერების მიერ შეძენილი პროდუქციის საიტზე ასახვა ყოველი თვის ბოლოს მოუწევთ.

„იქნება საიტი, ონლაინ პლატფორმა, სადაც ყველა მაღაზიამ ყოველი თვის ბოლოს უნდა წარმოადგინოს თითოეულ განაღდებულ ბარათზე ვინ გაანაღდა, სახელი/გვარი და ჩამონათვალი, რა გაყიდა კონკრეტულ ფერმერზე. ამას წესით ვერ გააყალბებენ, კრიმინალი და დანაშაულია, იქ თუ სხვა ნივთი იქნება გაცემული ბარათით, ბუნებრივია, იქნება მინიმუმ ჯარიმა და ასევე, გაუუქმებენ რეგისტრაციას მაღაზიას.

არ უნდა იყოს წესით საჭირო, თუ ჩვენ გვექნება შესაბამისი ცნობიერება ამ კუთხით, მაგრამ რადგან ასეა, სჯობს რეგულაცია გამკაცრდეს და კონტროლზე იყოს აყვანილი თითოეული ბარათის განაღდება, იმისთვის რომ მიზნობრიობა იყოს დაცული. ჯარიმის რაოდენობა არ ვიცით რამდენი იქნება, მაგრამ საჯარიმო სანქცია რომ იქნება, ეს ვიცით“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ მეთხილე ფერმერებმა 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით თხილის ბაღები კადასტრში უნდა დაარეგისტრირონ. ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ. პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. აგროქულების არამიზნობრივი ხარჯვისთვის მაღაზიები დაჯარიმდებიან.

მერი ტაბატაძე