სადაზღვევო სფეროში საკანონმდებლო ნორმები იცვლება

სადაზღვევო ორგანიზაციებს, რომელთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, სტატუსის შეცვლა და სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება მოუწევთ.

აღნიშნული კი, 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს. სადაზღვევო სფეროში ამ და სხვა მიმართულებით საკანონმდებლო ნორმები იცვლება, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. საკანონმდებლო ინიციატივა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ მოამზადეს.

"დაზღვევის შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, მზღვეველი შესაძლებელია არსებობდეს ორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სახით. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად კი, სადაზღვევო ორგანიზაციები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების სახით. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ახლად შექმნილ მზღვეველებზე კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო დღეს არსებულმა იმ მზღვეველებმა, რომელთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, აღნიშნული მოთხოვნა 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დააკმაყოფილონ.

როგორც კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილების არსი საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. "ასეთი პრაქტიკაა მსოფლიოს თითქმის ყველა მოწინავე ქვეყნებში, რაც აიხსნება იმით, რომ ფინანსური სექტორის სტაბილურობისათვის კაპიტალური საზოგადოების ამგვარი რთული ფორმა გაცილებით მეტად არის მისაღები, ამავდროულად იგი იძლევა კონტროლის უკეთეს საშუალებას და ზოგადად, მიმართულია კორპორატიული მართვის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარუდგინოს. კანონში დაგეგმილი ცვლილებები კი ითვალისწინებს, ანგარიშგების წარდგენას არა მომდევნო წლის 15 მაისამდე, არამედ 15 აპრილამდე. აღნიშნული ვადის შემცირების მიზეზები იმ გარემოებით არის ახსნილი, რომ მზღვეველი წლიურ ანგარიშს სამსახურს 20 თებერვლამდე აბარებს, ხოლო საგადასახადო სამსახურს - 1 აპრილამდე. როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ახალი ვადა საკმარისია იმისთვის, რომ მზღვეველმა ფინანსური ანგარიშგება დროულად წარადგინოს.

ნათია ინაური