ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე ძვირად ღირებული სახელმწიფო ქონებები შეიძინეს

სახელმწიფო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მიხედვით, 2023 წელს აუქციონზე გამოტანილ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს შორის, ყველაზე ძვირად თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2019 წლიდან ახორციელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ პროექტის ფარგლებში 5 ყველაზე ძვირად გაყიდული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მყიდველების შესახებ ინფორმაციას:

  • გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ჩაჩავას კლინიკამ 5 580 000 ლარად შეიძინა. რეპორტალის მიხედვით, კლინიკას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო უშუალოდ მართავს გენერალური დირექტორი. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 76.027% აქციების მფლობელია ფიზიკური პირი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც არის მაკონტროლებელი პირი. აქციების 14.041%-ს და 2.568%-ს ფლობენ ფიზიკური პირები კინტრაია ნიკოლოზი და იოსელიანი მარინა, შესაბამისად. აქციების დარჩენილ პროცენტს (7.364%) ფლობენ ფიზიკური პირები, რომელთა ინდივიდუალური წილობრივი მონაწილეობა არის 1%-ზე ნაკლები.
  • თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, N91-ში არსებული 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა კომპანიამ „ჯითექსი“ 4 578 500 მლნ ლარად შეიძინა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ბასილაძეა.
  • თბილისში, კახეთის გზატკეცილის მე-20 კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6390.00 კვ.მ. და 1162.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - შპს ფრანკომ 2 511 000 ლარად იყიდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ფრანკოს“აქციების 34% ეკუთვნის რობერტ მაშაევი, ხოლო 33-33% აბილახ მურადოვი და თეიმურაზ შუკაკიძე. დირექტორის პოსტს იკავებს კარპეზი შუკაკიძე.
  • ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N21-ში/ქალაქ ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩა N2-ში მდებარე 1983.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N3 შენობა-ნაგებობები - 2 155 000 ლარად გაიყიდა. ინვესტორი შპს პრემიუმ კონსტრაქშენია. კომპანიის 34% ეკუთვნის რევაზი მასხარაშვილს, 33-33% დავითი ძოწენიძე და მარიკა შალიკაშვილი ინაწილებენ. დირექტორია დავითი ძოწენიძე.
  • თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, N83-ში (ნაკვეთი 8/16) მდებარე 6117.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - შპს იონფაშ ჯორჯიამ 2 155 000 ლარად შეიძინა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელეი თურქეთის მოქალაქეები არიან. კერძოდ, 50% ეკუთვნის ჰილმი დერინელის, 23% უფუქ დერინელს, 22% - ადემ დერინელს, ხოლო 5% მერთ იუმუშაქერს. დირექტორია მერთ იუმუშაქერი.

ნინი ქეთელაური