„არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება“ - რა პროცედურებს გადის რეალიზაციამდე საყოფაცხოვრებო ჰიგიენის პროდუქცია?

არ არსებობს ოჯახი, სადაც საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქციას ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი არ ეჭიროს. სარეცხი ფხვნილი, ჭურჭლის სარეცხი სითხე, თავის მოვლის საშუალებები და ა.შ. ყოველი ადამიანისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, ამიტომ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პროცედურებს გადის საყოფაცხოვრებო პროდუქცია, სანამ ადამიანები მას საჭიროებისამებრ გამოყენებენ. როგორც შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, ქვეყანაში შემოსვლამდე პროდუქცია კონტროლს საზღვარზე გადის, უფრო კონკრეტულად კი მოწმდება მისი დოკუმენტაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია მწყობრში არ არის, ხდება პროდუქციის გარეგანი დათვალიერება.

ხოლო კითხვაზე, გადის თუ არა საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები ლაბორატორიულ შემოწმებას, პასუხი ვერ მივიღეთ.

ამ თემაზე უფრო ვრცლად სასაუბროდ „ბიზნესპრესნიუსი“ „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორს, ვახტანგ კობალაძეს დაუკავშირდა.

ვახტანგ კობალაძე: საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები ჩვენთან არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. არც რაიმე ნორმატიული აქტი არსებობს ამ მიმართულებით, რომელიც უშუალოდ უსაფრთხოებას შეეხება. შესაბამისად, არც მაკონტროლებელია განსაზღვრული.

ვახტანგ კობალაძის თქმით, ის, რომ პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება ხდება, საზღვარზე, კარგია, მაგრამ კითხვები მაინც ბევრია.

„ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, რა ნორმატიული აქტის საფუძველზე აკეთებენ ამას, როცა ასეთი აქტი არც არსებობს. ასე რომ, ამ კუთხით ბევრი კითხვის დასმა შეიძლება შესაბამისი უწყებებისთვის და საინტერესო იქნებოდა მათი პასუხების მოსმენა“ - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

ეკა დარჩიაშვილი