დედამიწის ტემპერატურამ 1,5 გრადუს ცელსიუსის კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა

დედამიწის ტემპერატურა 2023 წელს, პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ, 1,52 გრადუს ცელსიუსით მაღალი იყო, რაც გლობალური დათბობის მნიშვნელოვანი ზღურბლია. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის, Copernicus-ის დასკვნაში წერია.

მეცნიერები თვლიან, რომ ტემპერატურის 1,5 გრადუსამდე მატებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მარჯნის რიფების გადარჩენასა და არქტიკული საზღვაო ყინულის შენარჩუნებას, ასევე, ადამიანებისთვის საშიში ცხელი სეზონი გამოიწვიოს. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს ყველაფერი რომ მოხდეს, ტემპერატურის ზრდა მდგრადი უნდა იყოს, რასაც კლიმატოლოგები ჯერჯერობით არ აფიქსირებენ.

2015 წელს ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა პარიზის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მარატიფიცერებელმა ყველა ქვეყანამ სითბური გაზების გამონაბოლქვი იმდენად უნდა შეამციროს, რომ მიმდინარე საუკუნეში გლობალური დათბობა, პრეინდუსტრიულ დონესთან, ანუ 1850-1900 წლების პერიოდის საშუალოწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნდეს. მეტიც, ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ 1,5 გრადუს ცელსიუსზე მეტად არ მოიმატოს.

Copernicus-ის ექსპერტების აზრით, გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სითბური გაზების ემისიების სწრაფი შემცირებაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ