რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია შეჩერდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მეტი დეტალი საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით, მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდება ექიმების, პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ უახლოეს თვეებში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები რომ ამ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი საავადმყოფო აშენდება. შესაბამისად, ვფიქრობთ ეს არის ის გადაწყვეტა, რომლის მიესადაგება როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, კოლექტივის ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საავადმყოფო უახლოესი 3 წლის განმავლობაში, იგივე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„რაც შეეხება თვითონ შენობის მდგომარეობას, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, სხვადასხვა კუთხით - ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რასაც ყველა ადასტურებს. ჩვენ ვეცდებით, რომ თუნდაც, სამუშაო შუალედურ პერიოდში - 2-3-წლიან პერიოდში ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე ვიზრუნოთ. რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. შესაბამისად, ჩვეულებრივად, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. დაახლოებით, 3 წლის თავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ, საავადმყოფო გადავა ახლა შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც ექიმებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან შევაჯერეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ტყუილი აღმოჩნდა თუ არა, ჯანდაცვის სამინისტროს ნათქვამი, რომ შენობას მდგრადობის პრობლემა ჰქონდა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს.

„მდგრადობაზე არაა საუბარი, ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობდა, რაც შეეხება მდგრადობას, ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემებია სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს შენობის მდგრადობას არ უკავშირდება, შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს, სხვა ტიპის, ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაზეც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა არ დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო ბედი იყო. როგორც მან აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. იმავე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით. თუმცა, ექიმებისთვის, შეთავაზებული პირობები მიუღებელი იყო. როგორც ისინი აცხადებდნენ, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ „რესპუბლიკურის“ ადგილზე, საავადმყოფო აღარ აშენდებოდა, მათი გადანაწილება კი, ხელისუფლებას „რუხის კლინიკაში" სურდა.