რესპუბლიკურის ექიმები: ტერიტორიის ნაწილის საინვესტიციო გეგმებისთვის გამოყენების წინააღმდეგი არ ვართ

„თუ შემდგომში ტერიტორიის ნაწილი გამოყენებული იქნება რაიმე საინვესტიციო გეგმებისთვის, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა კახი ხუციშვილმა საავადმყოფოსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილის საინვესტიციო მიზნებისთვის გამოყენების წინააღმდეგები არ იქნებიან.

„თუ შემდგომში ტერიტორიის ნაწილი გამოყენებული იქნება რაიმე საინვესტიციო გეგმებისთვის, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება და ჩვენ წინააღმდეგობას ამაზე არ გავწევთ, პირიქით, ჩვენი ერთ-ერთი ვერსია იყო ასეთი და არც ველოდით, რომ ამ ვერსიას ასე კარგად მიიღებდნენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამ ყველაფერმა. რაც შეეხება თანამშრომლებს, რაღაც ნაწილს, ვისაც ხელი ჰქონდათ მოწერილი კომპენსაციაზე ის ჩაერიცხათ. იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ იქ მუშაობა და დატოვებენ კოლექტივს, და ვისაც ამის სურვილი ექნება უკან დაბრუნდება, ამას არავინ არ შეეწინააღმდეგება. შენობის მდგრადობის საკითხზე ვიტყვი, რომ ამჟამად საუბარი არ ყოფილა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ფასადი ნამდვილად ავარიული იყო. ამ ფასადმა გამოიწვია პროცესების დაჩქარება. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მიდგომა და განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესება მოხდეს იმ პირობებისა, რა პირობებშიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო და შემდგომში, როდესაც აშენდება ახალი მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფო, რაც ყველასთვის გასახარია, გავაგრძელებთ იქ მუშაობას და რაც მთავარია, რესპუბლიკურის მომსახურება არ მოაკლდება არც ქალაქს, არც ქვეყანას და არც ერთ პაციენტს“, - განაცხადა კახი ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. შეხვედრამ დაახლოებით 1 საათი გასტანა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია შეჩერდა და დემონტაჟი იქამდე არ ჩატარდება, ვიდრე ახალი კლინიკა არ აშენდება.

გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ განიხილავენ რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწის ნაკვეთის პრივატიზებას.

მერი ტაბატაძე