რას ვყიდით და ვყიდულობთ ბელარუსში, სადაც დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსს საქართველოსთან საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს, რაზეც მიუთითებს საქსტატის 2023 წლის ანგარიში იმპორტისა და ექსპორტის შესახებ. ბელარუსიდან საქართველოში შემოდის და გადის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტები, როგორიცაა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, ფქვილი, ახალი ხორცი, რძის ფხვნილი, საცხებ-საპოხი მასალები და ა.შ.

მაგალითისთვის, 2023 წელს საქართველოში ბელარუსიიდან 71 ათასი დოლარის ღირებულების 202 ტონა ფქვილი შემოვიდა. ფქვილის იმპორტიორთა სიაში, ბელარუსი საქსტატის მიხედვით, მეშვიდე ადგილს იკავებს.

ფქვილის გარდა, საქართველოში ბელარუსიდან 614 ათასი დოლარის 153 ტონა გაცივებული ხორცი შემოვიდა და შესაბამისად, ცივი ხორცის იმპორტით ბელარუსი მეოთხე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი ლიდერობს საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტის მიმართულებით. 2023 წელს, აღნიშნული სახელმწიფოდან 7.7 მილიონი აშშ დოლარის, 3 322 ტონა რძის ფხვნილის იმპორტი განხორციელდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

როგორც უკვე ვთქვით, მცირე მოცულობით ღვინო და დაფასოებელი სამკურნალო საშუალებები, ბელარუსიდან ამ დრომდე შემოდის.

რაც შეეხება ექსპორტს. 2023 წელს, სპირტიანი სასმელების ექსპორტის მოცულობამ 94.4 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლიდან 14%, სწორედ ბელარუსზე მოდის. განსაკუთრებით პოპულარულია ღვინო, რომლის ექქსპორტმაც საერთო მოცულობის 4% შეადგინა და ასევე 4%-იანი წლიური ზრდა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ამჟამად პარლამენტის ქვედა პალატისა და ადგილობრივი საბჭოების დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დილის 9:00 საათზე, აქტივობამ 43.64 პროცენტს მიაღწია.

ბელარუსში დაგეგმილია ადგილობრივი საბჭოების 12 514 დეპუტატის და პარლამენტის ქვედა პალატის 110 დეპუტატის არჩევა ხუთი წლის ვადით.

ქვეყანაში 5 411-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. ამომრჩეველთა სიაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 6.9 მილიონი ადამიანია.

ბაჩანა ტყემალაძე