კომპანიები ანაგი, არტსტუდიო პროექტი და სიემსი კვლავ აერთიანებენ ძალებს სამშენებლო სფეროს განვითარებისთვის

23 თებერვალს სამშენებლო კომპანია - ანაგს, არქიტექტურულ კომპანია - არტსტუდიო პროექტსა და სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია - სიემსის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთობლივი შეთანხმებით, კომპანიებმა დააანონსეს სამომავლო პროექტი, რომლის მართვას, პროექტირებას და მშენებლობას ერთობლივად, BIM-ის გამოყენებით გეგმავენ.

BIM ანუ Building Information Modeling საშუალებას იძლევა სამშენებლო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მშენებლობაში ჩართულმა მხარეებმა იხილონ პროექტი 3D მოდელში.

„BIM-ი პირველ ნაბიჯებს დგამს საქართველოში, ხოლო მისი დანერგვა და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის სამშენებლო სექტორი განვითარდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად “- აცხადებს ირაკლი ბერიძე, სიემსის აღმასრულებელი დირექტორი.

BIM-ის დახმარებით პროექტში შეტანილი ყველა ცვლილება თუ გაწეული სამუშაოები ისახება რეალურ რეჟიმში და ხელმისაწვდომია არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისთვის, კონსტრუქტორებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის და მშენებლებისთვის, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტის ეფექტურად წარმართვას.

111-1708927208.jpg

,,მსოფლიო პროექტირების სფეროში BIM ტექნოლოგია საუკეთესო პრაქტიკის ერთერთი განუყოფელი კომპონენტია, რომელსაც ჩვენი არქიტექტურული სტუდია, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს.“ - აცხადებს არტსტუდიო პროექტის აღმასრულებელი დირექტორი - არქიტექტორი ოთარ სულაბერიძე - „პროექტირების კუთხით BIM-ი საგრძნობლად ამარტივებს და ინტერაქტიულს ხდის პროცესს. სხვადასხვა სპეციალისტების კოლაბორაცია და ყველა მხარის ჩართულობა კი, რაც BIM-ის მნიშვნელოვანი ნაწილია, დადებითად აისახება სამუშაოს შესრულების დროსა და ფინანსურ ნაწილზე.”

BIM-ის გამოყენება უზრუნველყოფს სრულყოფილი ინფორმაციის არსებობას, რომელიც აუცილებელია შენობის ექსპლუატაციისა და ოპერირების ეტაპზე.

"BIM-ი მნიშვნელოვნად ამარტივებს არა მხოლოდ სამშენებლო პროცესს, არამედ საოპერაციო საქმიანობასაც. ჩვენი თანამშრომლობით, გვინდა BIM-ის საჭიროება დავანახოთ არამხოლოდ უშუალოდ მშენებლობაში ჩართულ მხარეებს, არამედ დამკვეთებსაც." - აცხადებს სამშენებლო კომპანია ანაგის დირექტორი, ირაკლი გოგოლიშვილი.

222-1-1708927227.jpg

სამშენებლო სფეროს ლიდერი კომპანიები ანაგი, არტსტუდიო პროექტი და სიემსი უკვე მეორედ აერთიანებენ ძალებს BIM-ის პოპულარიზაციის მიზნით. საქართველოს სამშენებლო სექტორში სტანდარტებისა და ხარისხის ამაღლების მიზნით გასული წლის შემოდგომაზე კომპანიების პარტნიორობით საქართველოში პირველი საერთაშორისო BIM კონფერენცია ჩატარდა.

(R)