„ჩინეთში უვიზო მიმოსვლა კარგია, მაგრამ პრიორიტეტი უნდა იყოს დასავლური სამყარო და არა აზიური ბანაკი“

„ჩინეთში უვიზო მიმოსვლა კარგია, მაგრამ საჭიროა ევროკავშირთან და ნატოს ქვეყნებთან მეტი პირდაპირი ფრენების წარმოება“ - ასე ეხმაურება „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე იმ სიახლეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ.

როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ.

ცოტნე ჯაფარიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას ამბობს, რომ ეს სიახლე ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოს პრიორიტეტი უნდა იყოს დასავლური სამყარო და არა აზიური ბანაკი.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ დამატებითი ქვეყნები აძლევენ ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ჩასვლის საშუალებას და ეს ცალსახად დადებითი მოვლენაა, მაგრამ აქ მეორე მხარეცაა. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო, რომ ვყოფილიყავით იმ ბანაკში, სადაც ევროკავშირი, ნატო და განვითარებული ცივილიზაცია შედის, მაგრამ ვართ ბანაკში, სადაც არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სხვა ქვეყნები, რომლებიც უკრაინასთან ომში რუსეთს უჭერენ მხარს“, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

მისი თქმით, აუცილებელია დაიწყოს მუშაობა ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენისთვის და ამავდროულად, აშშ-სთან და სკანდინავიის ქვეყნებთან პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის.

„უნდა აღდგეს პირდაპირი ფრენები ლონდონის მიმართულებით, რაც პანდემიამდე არსებობდა. ეს არის გზა, რომ საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტები ჩამოვიყვანოთ. ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აშშ-სთან პირდაპირი რეისების დაწესება, რაზეც წლებია ვისმენთ დაპირებებს და ამის გარდა, კარგი იქნებოდა სკანდინავიის ქვყნებთან პირდაპირი ფრენების დაწყება, ვინაიდან ჩამოთვლილი სახელმწიფოებისთვის, საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ გახდეს მათი სასურველი ქვეყანა. დასავლეთიდან შეიძლება დიდი პოტენციალის შემოტანა საქართველოში, რის შედეგადაც აქ მაღალ დონეზე იქნება დასაქმება, მოხდება ტურიზმიდან და სტუმართ-მასპინძლობის სფეროდან მეტი შემოსავლის გენერირება და ა.შ. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ აქცენტირებულნი იმ ქვეყნებზე, საიდანაც სტაბილურად მოხდება შემოსავლების შემოდინება“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ბაჩანა ტყემალაძე