”ათონელის რეზიდენციაში მაღალი ფასის გადამხდელი არავინ არის”

ათონელზე მდებარე რეზიდენცია ძვირად ღირებულია და შენობის შესაბამის ფასად რეალიზაცია ძალიან რთული იქნება

- ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ შენობასთან დაკავშირებით ბევრ ინვესტორთან იყო საუბარი, თუმცა მასში იმ ფასის გადამხდელი, რაც შენობის აშენება დაჯდა, არავინ არ არის.

"ეს შენობა არის ძალიან ძვირადღირებული, გათვლილია უმაღლესი თანამდებობის პირზე, ამიტომ მისი შესაბამის ფასად რეალიზაცია იქნება ძალიან რთული. ის იყო საპრივატიზაციო ნუსხაში. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ინვესტორთან, მაგრამ მაღალი ფასის გადამხდელი არავინ არ არის. ეს არის სპეციალურად მოწყობილი შენობა, სადაც ბევრი ისეთი ხარჯია გაწეული, რაც ჩვეულებრივი საპრივატიზაციო შენობის შემთხვევაში, არ იქნებოდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რომელი სახელმწიფო უწყება შეიძლება შევიდეს ათონელის რეზიდენციაში, იქიდან გამომდინარე, რომ ავლაბრის სასახლეში დარჩენის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება უცვლელია, კვირიკაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ამაზე საუბარი არ არის.