უძრავი-მოძრავი ქონების გარეშე - როგორია ლევან ხაბეიშვილის ფინანსური მდგომარეობა?

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. ამის შესახებ მის მიერ მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა.

კერძოდ, 2024 წლის 20 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლევან ხაბეიშვილის სახელზე არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული, თუმცა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს მსუბუქი ავტომობილი გაყიდა, რომლის რეალიზაციის შედეგადაც 8 000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

რაც შეეხება ხაბეიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, სახელფასო ანგარიშზე 1 078 ლარი, საკრედიტოზე კი - 3 226 ლარი ჰქონდა.

ამასთან, მანვე გასულ წელს პარლამენტის წევრის პოზიციაზე 45 611 ლარის შემოსავალი მიიღო.

გარდა ამისა, როგორც ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, 2023 წელს ლევან ხაბეიშვილის გასავალმა სესხის დაფარვის შედეგად 5 806 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლის ქონებრივი დეკლარაციაც 2022 წელს (2023 წელს შემოწმებული დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის გასაჯაროებული) საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, დაჯარიმების მიზეზი გახდა: ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენა. ამასთან, მათი შეფასებით, დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 2023 წლის იანვარში გახდა.