თურქეთში ბინის ქირის ზრდაზე 25%-იანი ლიმიტი ივლისიდან გაუქმდება

თურქეთის მთავრობა 1-ლი ივლისიდან ბინის ქირის ზრდაზე 25%-იან ლიმიტს აუქმებს და მის მოქმედებას აღარ გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრ ილმაზ თუნჯამ განაცხადა, რასაც ტელეკომპანია, TGRT Haber ავრცელებს.

მანამდე ხელისუფლებამ შეზღუდვა მიმდინარე წლის ივლისამდე გაახანგრძლივა, რომლითაც მეიჯარეებს ბინის ქირის, მაქსიმუმ, 25%-ით გაზრდის უფლება აქვთ. მეიჯარეები ამ შეზღუდვას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან, მათი შეფასებით, ქირის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული წლიური ინფლაციის მაჩვენებელი და სამომხმარებლო ფასების ინდექსი.

ოფიციალური სტატისტიკით, იანვარში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 64,86% შეადგინა, ხოლო დამოუკიდებელ ეკონომისტთა ჯგუფი, ENAG ინფლაციას 129,11%-ად აფასებს.

მთავრობამ ქირის მატებაზე 25%-იანი ლიმიტი იჯარის გადაჭარბებული ზრდის თავიდან ასაცილებლად, ასევე, შემოსავალსა და ქირას შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად შემოიღო. შეზღუდვა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთში ბინის ქირის ზედმეტად გაძვირების ფონზე დაწესდა. გასულ წელს, მეიჯარეების საჩივრების მიუხედავად, ეს წესი გაგრძელდა. ამჯერად იუსტიციის მინისტრი 25%-იან ლიმიტზე დადგენილების მოქმედების დასრულების თარიღად 1-ელ ივლისს ასახელებს.

ამასთან, ხელისუფლება ცარიელი ბინების მფლობელებისთვის გადასახადის შემოღებას განიხილავს, რადგან ზოგიერთ მეიჯარეს ურჩევნია, ბინა ლირის კურსის სტაბილიზაციამდე არ გააქირაოს ან ისეთი მოიჯარე იპოვოს, რომელიც ხელშეკრულებას დოლარში დაუდებს.

თურქეთის სამოქალაქო სასამართლოები ბინის ქირისა და მოიჯარეების გამოსახლების მოთხოვნის საჩივრებით სავსეა. განხილვები სარჩელის შეტანიდან არა უადრეს ერთი წლის ვადაში ინიშნება და პროცესს, მინიმუმ, ორი წელი სჭირდება.

თურქული მედია წერს, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ქირის პრობლემა მალე სოციალურ კრიზისში გადაიზრდება. კერძოდ, გაზეთ Dünya-ს შეფასებით, „დიდი მოთხოვნის გამო საცხოვრებლის ფასებისა და იჯარის ასტრონომიულმა ზრდამ მეიჯარეები და მოიჯარეები ერთმანეთს დაუპირისპირა.“ მეიჯარეები ყოფილი მოიჯარეების გამოსახლებას ცდილობენ, რომ ქონება უფრო ძვირად გააქირავონ, ხოლო მოიჯარეებს თავიანთ ბიუჯეტთან შესაბამისი გასაქირავებელი ბინების პოვნა უჭირთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ