ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ხელშეუხებლობის გარანტიით იქნება დაცული

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ხელშეუხებლობის გარანტიით იქნება დაცული - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

პროექტით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში თანხმობას არ მისცემს, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.