შავი ზღვის ელექტრო კაბელების ტექნიკური კვლევა ივლისში დასრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის ელექტრო კაბელების პროექტის ტექნიკური კვლევა მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

დავითაშვილმა განმარტა კვლევის გაჭიანურების მიზეზებიც. მისი თქმით, ინტერესი რამდენიმე მიმართულებით გამოითქვა, რის გამოც, პროექტის მიზნები და საკვლევი არეალი გაფართოვდა. აღნიშნულის გამო კი მოხდა კვლევის პერიოდის გახანგრძლივება.

„ჩვენ ბრიუსელში შევეხეთ შავი ზღვის კაბელის პროექტის მიმდინარეობის საკითხს. ვისაუბრებთ მათ შორის, დაფინანსების ობციებზე. პირველ რიგში, კვლევასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ის ივლისში დასრულდება, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს ჯერ სრულყოფილი მონაცემები. ასეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. გახანგრძლივება გამოიწვია იმან, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა სხვადასხვა მხარემ, შესაბამისად, საკვლევი არეალიც და მიზანიც დაკორექტირდა და გაიზარდა. საწყის ეტაპზე პროექტი იყო საქართველოს მხრიდან ინიცირებული და მოიცავდა საქართველოსა და რუმინეთის ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორები იყო ამაში ჩართული. თუმცა ამას შემდეგ დაემატა ევროპის მხრიდან უნგრეთი და სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი. ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში დავიწყეთ კვლევა, ამ კვლევის ფარგლებში დაემატა ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა აზერბაიჯანში, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთსა და თურქეთში, ბულგარეთი დამკვირვებელი წევრის სახით დაესწრო მინისტრთა საკოორდინაციო შეხვედრებს, აქედან გამომდინარე, კვლევის ვადები გახანგრძლივდა.

თუმცა პირველადი ეკონომიკური შედეგების რამდენიმე სცენარი არსებობს, რომელიც ჩვენთვის არის გაზიარებული. მაგრამ ეს არის პირველადი მონაცემები, ხდება კონსულტანტებთან დაზუსტება და სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ივლისში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი განხორციელდეს ოპერატიულად და იმ პირობებში, როდესაც გლობალური მოთხოვნა ძალიან გაზრდილია ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე. ძალიან დიდი ხანი არის მოცდის პერიოდი, როგორც კაბელის წარმოების კუთხით, ისე ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით, იცით, რომ შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე რთულია, ჩვენი კაბელი იქნება ყველაზე გრძელი და ყველაზე ღრმა, შესაბამისად, სპეციფიკურიც. დავიწყეთ მწარმოებლებთან ინტენსიური შეხვედრები, რომ მოხდეს გარკვეული პროცესების პარალელურად მართვა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტში ჩართულმა მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, კერძო ინვესტიციების მოზიდვის საკითხიც განიხილონ.

„რაც შეეხება დაფინანსების საკითხებს, მსოფლიო ბანკი იყო პირველი პარტნიორი ამ პროექტში და კვლევაზე თანხები ზუსტად მათ მიერ იყო გამოყოფილი. ეს იყო საქართველოს მიერ აღებული სესხი, თუმცა მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხები. ისინი ტექნიკური დახმარების ნაწილშიც ჩართულები არიან პროექტში. დიდი ნაწილი თანხების დაფინანსების მოსალოდნელია, რომ იყოს მსოფლიო ბანკისგან კარგი პირობებით. მშენებლობის ნაწილზეა საუბარი, ზეპირი შეთანხმება ამაზე არსებობს, მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ცალსახაა, რომ ეს პროექტი იქნება ევროპის საქართველოს საერთო ინტერესების ქვეშ, შესაბამისად, მას ეხება გარკვეული ევროპული სტრუქტურებიდან დაფინანსება, მაგრამ ამაზე საუბარი მაინც ნაადრევია პროექტის დასრულებამდე. მაგრამ ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის სხვადასხვა ფონდი იქნება ერთ-ერთი დაფინანსების წყარო. შესაძლებელია, თუ მხარეები შევთანხმდით, პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა. რის სურვილსაც გამოთქვამს მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები. ამაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ გააჩნია რამდენად დადგება ამის საჭიროება პროექტის განხორციელების დროს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.

მერი ტაბატაძე