აფხაზეთში ენერგოკრიზისი აპრილამდე ვერ მოგვარდება

აფხაზეთში ენერგომომარაგება აპრილის დასაწყისამდე ვერ დასტაბილურდება. ამის შესახებ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.

რუსეთიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის არსებული მარაგის, დაზოგვის ღონისძიებებისა და გაზაფხულზე ჯვრის წყალსაცავის შევსების პერსპექტივების გათვალისწინებით, დე ფაქტო მთავრობა კრიტიკული სიტუაციის დასტაბულურებას შუა გაზაფხულზე მოელის.

2023 წლის ნოემბრიდან ენერგოდეფიციტის გამო დასავლეთ აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან, ხოლო აღმოსავლეთი ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან იღებს. ამასთან, იანვრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ოთხსაათიანი, კერძოდ, დღისით და ღამით ორ-ორ საათიანი შეზღუდვა მოქმედებს.

ახლახან დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანაიმ აღიარა, რომ აფხაზეთის ელექტროენერგიის სექტორში სერიოზული კრიზისია, რის გამოც 9 თებერვლიდან აფხაზეთმა რუსული მხარესთან „გარკვეული რაოდენობის უფასო ელექტროენერგიაზე“ კონტრაქტი გააფორმა.

„ასე არ უნდა გრძელდებოდეს განუსაზღვრელი ვადით და საკუთარი ენერგიის წყაროების აღსადგენად ზომები უნდა მივიღოთ,“ - აცხადებს ბჟანია.

ამასთან, აფხაზეთში 2022 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდა, მაშინ, როცა 2009 წლის შემდეგ ტარიფი არ გაზრდილა და 1 კვტ/სთ-ზე მხოლოდ 0.40 რუბლს (0.01 თეთრს) შეადგენდა.

ენგურჰესი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა, თუმცა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კაშხალში წყლის დონე ვარდება და დეფიციტი ჩნდება. ამ პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიის ნაწილს რუსეთიდან იღებს. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აფხაზეთში ენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ, „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, 2023 წელს აფხაზეთმა, დაახლოებით, 2,6 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც 1,817 მლრდ კვტ.სთ ენგურჰესიდან, ხოლო 789 მლნ კვტ.სთ რუსეთიდან მიიღო.

რაც შეეხება დენის გადასახადის ამოღების კოეფიციენტს, „ჩერნომორენერგოს” ცნობით, ის თვეში, საშუალოდ, 40%-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ