„საქართველოდან რუსეთში რეექსპორტით მანქანების შეყვანა ფაქტობრივად, აღარ ხდება“ - ავტოიმპორტიორი

„რუსეთის მხრიდან გადასახადების გაზრდა იმას ნიშნავს, რომ მათ ჩინური მანქანების წახალისება სურთ“ - ასე აფასებს „კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციულმა დირექტორი, ალექსანდრე ვეკუა რუსეთი იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე დამატებით გადასახადი წესდება.

ალექსანდრე ვეკუა ამბობს, რომ ეს ქართულ ბაზარს არ შეეხება, ვინაიდან „საქართველოდან რუსეთში რეექსპორტით მანქანების შეყვანა ფაქტობრივად, აღარ ხდება“.

„მანქანები შარშან და შარშანწინ სომხეთის გავლით გაყავდათ რუსეთში, მაგრამ სომხეთმა ტარიფები გააძვირა და აღარ გაყავთ. რეექსპორტის მხრივ, ჩვენი მომხმარებლები არიან ყაზახეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანიც ძალიან ჩაკეტილი ბაზარია და იქედან რუსეთში არაფერი გადის. ერთადერთი ყაზახეთი და ყირგიზეთი რჩება, სადაც იმდენად მაღალია შიდა ბაზრის მოთხოვნა, რომ რუსეთში საქართველოდან წაყვანილი მანქანები თითქმის აღარ გადის“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა „ბიზნესპრესნიუსთან“.

ამის გარდა, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ მათ შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად, ჩინური მანქანების იმპორტის წახალისება სურდეთ.

„რუსეთის ეს ქმედება შიდა ბაზრის დაცვასა და ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის წახალისებას ემსახურება. მათ უნდათ, რომ ჩინური ავტომობილები ქვეყნის მასშტაბით გაავცრელონ, მაგრამ, თუ რუსეთის მოქალაქეებს ექნებათ იმის მოთხოვნა, რომ შეიძინონ ევროპული, ან ამერიკული ავტომობილები, ამას კვლავ გააკეთებენ, უბრალოდ, გაუძვირდებათ განბაჟება და ჯამში ეს რაღაც სერიოზულ ძვრებს არ გამოიწვევს“, - თქვა ალექსანდრე ვეკუამ.

ბაჩანა ტყემალაძე