ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 კოშკი აშენდება

შპს „ბათუმი რივიერა“ 5 მაღალსართულიანი კოშკის ნაცვლად, 3-ს ააშენებს, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილება დღევანდელ სხდომაზე ბათუმის საკრებულომ მიიღო.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ცვლილება არქიტექტურულ კომპოზიციას უფრო მსუბუქს გახდის.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის N76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილება ეხება შპს „ბათუმი რივიერა“ - სილქ თაუერსის პროექტს და ითვალისწინებს კონკრეტულ ტერიტორიაზე 5 მაღალსართულიანი კოშკის ნაცვლად 3 შენობის მშენებლობას, რაც არქიტექტურულ კომპოზიციას უფრო მსუბუქს გახდის, შენობების კონფიგურაციის ცვლილება გააგრძელებს ქალაქის ურბანულ ქსელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შპს „ბათუმი რივიერა“, რომელიც „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიაა, ბათუმის კონცხზე ჯამში 6 მაღალსართულიანი შენობის აშენებას გეგმავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ბოლო მონაცემებით, 6-დან 5-მდე შემცირდა შენობების რაოდენობა, ბოლო გადაწყვეტილებით კი 3 ცათამბჯენი აშენდება.

მერი ტაბატაძე