„ჯერ ფრინველი არ გამოჩეკილა და ყველა გაყიდულია“ - იშვიათი  დეკორატიული ფრინველების ფერმა საქართველოში

„წელს პიკია, ჯერ ფრინველი არ გამოჩეკილა და უკვე ყველა გაყიდულია“ - სენაკის რაიონში მდებარე ფერმაში სახელად „ფერმა სენაკში“, რომელიც 300 კვადრატზე არის გაშენებული, დაახლოებით 100 ფრთა ფრინველი ცხოვრობს. როგორც მისი დამფუძნებელი, მურმან გვასალია ამბობს, ორიენტირებულია არა მათ რაოდენობაზე, არამედ ჯიშების მრავალფეროვნებაზე.

ფერმაში ბინადრობენ როგორც ჩვეულებრივი, ასევე დეკორატიული ფრინველები, რომელთა შორის არიან: ფარშევანგი, არაოკანა, რომელიც ლურჯ კვერცხს დებს, მილფერი, რომელიც მტრედის ზომა იზრდება, აბრეშუმი, რომელსაც ბუმბულის ნაცვლად ბეწვი აქვს, ოქროს ვიანდოტი და ა.შ.

მურმან გვასალია: გამოუცდელობის გამო შარშან რამდენიმე ფარშევანგი მომიკვდა. ამჟამად მყავს წყვილი და როდესაც საჭირო რაოდენობას მოვაშენებ, გავყიდი.

მისი თქმით, რეალიზაცია ფერმიდან ხდება, თუ მსურველი სენაკიდან შორს ცხოვრობს, გამოსავალი საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობაა.

მურმან გვასალია ამბობს, რომ ცალკე კვერცს არ ყიდის და ამის მიზეზებზე საუბრობს: „ცალკე არ ვყიდით, რადგან ჩვენ თვითონ გვჭირდება საინკუბაციო კვერცხი, ამასთან, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რომლის წესებიც თუ არ დაიცავი, გაფუჭდება. ჩვენგან რეალიზებულს კი მყიდველი როგორ მოუვლის, ამას ვერ ვადევნებთ თვალს და იმისათვის, რომ უხარისხო კვერცხის რეალიზაცია არ დაგვაბრალონ, საერთოდ არ ვყიდით“ - აცხადებს ის.

ფერმერი ამბობს, რომ ახალი ჯიშების გამოსაყვანი კვერცხის შეძენა სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება, რომელთა შორისაა: გერმანია, რუმინეთი, თურქეთი, რუსეთი.

2024 წელს მურმან გვასალია ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. „მინდა ადგილზე ვიზიტის სერვისიც შემოვიღო. აქამდე ამ სიახლისგან თავს ვიკავებდი, რადგან ადამიანისგან ფრინველს ბაქტერია შესაძლოა, ტანსაცმლიდან გადაედოს. წელს რაღაცეების შეცვლას ვფიქრობ და ალბათ, ამ სერვისსაც დავამატებ“, - აცხადებს გვასალია.

ეკა დარჩიაშვილი