სოხუმის ღვინის ქარხანა გაჩერებულია

„აფსნისა“ და „ლიხნის“ მწარმოებელი სოხუმის ღვინის ქარხანა თვეზე მეტია, გაჩერებულია. მიზეზი დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებაა ღვინის მასალის იმპორტზე 30%-იანი აქციზის დაწესების შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-არხი Respublica ავრცელებს.

კერძოდ, 2023 წლის ზაფხულში დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 1-ლი მაისიდან აფხაზეთში ღვინის მასალაზე აქციზის განაკვეთი სამმაგდება, რამაც ქარხნის პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახადა.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნული კავშირის თავმჯდომარემ, ალკოჰოლური პოლიტიკის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაველ შაპკინმა Gazeta.Ru-სთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ რუსეთში ამ პროდუქციის მიწოდების პრობლემა არ შეიქმნება და მწარმოებელი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს.

შაპკინის მონაცემებით, რუსეთში იმპორტირებული ღვინის 6% აფხაზეთის წილია. 2023 წელს აფხაზეთმა რუსეთში 19 მილიონი ლიტრი ღვინო შეიტანა.

„ქარხანამ მუშაობა, სავარაუდოდ, იმის გამო შეაჩერა, რომ აფხაზეთში საკმარისი ღვინის მასალა არ არის. პრობლემა რესპუბლიკაში ღვინის მასალის ნაკლებობაა... აფხაზეთის ხელისუფლება და რესპუბლიკის მეღვინეები ილაზღანდარებენ და შეთანხმდებიან. ხელისუფლება გადასახადებისა და შემოსავლების გარეშე ვერ იჯდება, თუმცა აფხაზური ღვინოების ბაზარი შემცირდება,“ - აცხადებს შაპკინი.

Gazeta.Ru-მ სოხუმის ღვინის ქარხნის წარმომადგენლებთან დაკავშირება სცადა, მაგრამ მათ სარედაქციო კორესპონდენტის ზარს არ უპასუხეს. კომპანიის ვებგვერდზე სამუშაოს შეჩერების შესახებ ინფორმაცია არ დევს. მოსკოვში ქარხნის სავაჭრო წარმომადგენლობა, შპს Mistral Alko პროდუქციის რუსეთში მიწოდების მომავალ ბედზე Gazeta.Ru-სთან კომენტარს არ აკეთებს.

გამოცემა წერს, რომ სოხუმის ღვინის ქარხანა აფხაზეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორია. კომპანიაში 100-მდე ადამიანი არის დასაქმებული. ქარხანა, რომელიც 1930 წელს დაარსდა, ბიუჯეტის შემქმნელი საწარმოების სიაში შედის. ის აწარმოებს ბოთლის ღვინოებს ბრენდებით, „ფსოუ,“ „აფხაზეთის ბუკეტი,“ „ლიხნი“ და „აფსნი.“ ქარხანა, ასევე, კონიაკებს, ცქრიალა ღვინოებსა და ღვინის სასმელებს ასხამს. საწარმოს საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 20 მილიონ ბოთლს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ