„თუ ახლა მაქსიმუმ 100 000-ლარიანი სესხი გაიცემა, ის მილიონამდე გაიზრდება“ - რა შედეგი ექნება მისო-ების მიკრობანკებად გარდაქმნას

საქართველოს ეროვნულ ბანკს მიკრობანკად რეგისტრაციისთვის ამ დროისთვის ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიმართა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მიკროსაფინანსოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო დევდარიანმა განუცხადა, ლიცენზიაზე განაცხადის შეტანას სხვა მისო-ებიც გეგმავენ.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს განაცხადების განსახილველად 6-თვიანი ვადა აქვს, ასოციაციის მოლოდინები კი დადებითი და ოპტიმისტურია.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიცენზიო განაცხადების განხილვა, რისთვისაც სებ-ს 6-თვიანი ვადა აქვს. მიმდინარეობს ინფორმაციის მიმოცვლა და მერე უკვე იქნება გადაწყვეტილების მიღების ეტაპი. ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს საკმაოდ და სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც აპირებენ, რომ უახლოს პერიოდში მათაც მიმართონ MBC-სთან და Crystal-თან ერთად ეროვნულ ბანკს სალიცენზიო განაცხადით“, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

ამის გარდა, ნინო დევდარიანმა ჩვენთან საუბარში განმარტა, თუ რა უპირატესობები გააჩნია მიკრობანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შედარებით.

„მიკრობანკის სტატუსის მიღების შემთხვევაში, კომპანიები უფრო მეტ ფინანსურ პროდუქტებს შეთავაზებენ მომხმარებლებსა და კლიენტებს. ეს განპირობებულია მაღალი დაკრედიტებით. მაგალითად, თუ ახლა მიკროსაფინანსოებისთვის ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000 ლარია, მიკრობანკის შემთხვევაში, ეს რიცხვი ერთ მილიონამდე გაიზრდება. ასევე შესაძლებელი იქნება მეტი დეპოზიტების მიღება და ანგარიშების გახსნა, რაც ფასის შემცირების წინაპირობას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, მიკრობანკი უფრო მაღლი სტანდარტების მქონე ორგანიზაციაა, ვიდრე მიკროსაფინანსო, შესაბამისად, ვალდებულებებიც მეტია, ვინაიდან მიკრობანკი თითქმის 1-1-ში იმეორებს საბანკო რეგულირების სტანდარტებს“, - აღნიშნა ნინო დევდარიანმა.

ბაჩანა ტყემალაძე