ანო ბალიაშვილი - გორის მუნიციპალიტეტში არის აუთვისებელი რესურსები, რომელსაც ხელისუფლება არ იყენებს

გორში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ცხოვრობს მშრომელი ხალხი, მაგრამ ივანიშვილის ელიტური კორუფციის გამო, ამ ადამიანებს უწევთ საკუთარი ოჯახების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. გორის მუნიციპალიტეტში არის აუთვისებელი რესურსები, რომელსაც ხელისუფლება არ იყენებს, - განაცხადა გორის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანო ბალიაშვილმა.

მისივე თქმით, 2024 წლის ოქტომბერში, მათი გამარჯვების შემდეგ რეგიონის მთავარი რესურსები ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

„გეტყვით, რომ ბოლო წლების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შემცირდა 120 ათასამდე, არადა ამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა 5-10 წლის წინ 150 ათასამდე იყო. ამის მიზეზი რა არის? - ამის მიზეზი არის სიღარიბე, ემიგრაცია, ოჯახი აღარ დარჩა, რომელსაც ემიგრანტი არ ჰყავს და ყველამ კარგად ვიცით, რომ საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად ქალები, დედები, ბებიები მასობრივად მიდიან და დღესაც ემიგრაციის ეს ტალღა გრძელდება.

სინამდვილეში, გორში ცხოვრობს ძალიან მშრომელი ხალხი ისევე, როგორც ყველგან მთელს საქართველოში და განსაკუთრებით შიდა ქართლში. აქ ადამიანებს არ ეზარებათ შრომა, მაგრამ ელიტური კორუფცია არის მთავარი მიზეზი და ის ერთეულები, რომლებიც არიან შემოკრებულები „ქართული ოცნების“ გარშემო და ივანიშვილის პარტიის დამფინანსებლები და სარგებლის მიმღებები არიან და ამ ადამიანებს აქვთ მთელი სიკეთეები და რესურსები ჩაგდებული ხელში. სინამდვილეში გამოსავალი რა არის? გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, რამდენიმე ტერიტორია და მათ შორის, შენობა-ნაგებობები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ინვესტორებს შევთავაზოთ საერთაშორისო ცნობილ ბრენდებს შეღავათიან პირობებში, რომ ჩამოვიდნენ ინვესტიცია დააბანდონ, ადგილობრივები დაასაქმონ და ის ასეულობით ქალი, რომელიც უნდა მუშაობდეს, აქ დარჩნენ.

ასევე, რესურსი გორის მუნიციპალიტეტში ეს არის ატენის ხეობა, ეს არის ტურიზმი, საოჯახო მარნები საერთოდ არ არის ხელშეწყობილი ხელისუფლების მხრიდან და ატენის ღვინო, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული, სავიზიტო ბარათი უნდა იყოს დღეს ჩვენი რეგიონისთვის და ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე უნდა ოპერირებდეს საერთოდ არ არის შემოსავლის წყარო რიგითი მეღვინისთვის, რომელიც ატენის ხეობაში ცხოვრობს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ახალგაზრდები, რომლებიც სამწუხაროდ, ვერ პოულობენ დასაქმების ადგილს, არიან მოკლებულები ამ შესაძლებლობას, სწორედ, იმიტომ, რომ ივანიშვილის პარტიას ხელში აქვს ჩაგდებული მთელი რესურსი, კორუფცია იმდენად არის აყვავებული ჩვენს რეგიონში, რომ რიგითი ადამიანებისთვის არ არის ხელმისაწვდომი არაფერი. ასე, რომ მე დიდი იმედი მაქვს მას შემდეგ, ოქტომბერში, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ და ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი რეგიონის მთავარი რესურსები ქართველ ხალხს დაუბრუნდება“, - განაცხადა ანო ბალიაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.