„საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება, მაგრამ ფასის ზრდისგან დაზღვეულნი არ ვართ“ - ბიზნესი რუსული ბენზინის იმპორტის დროებით აკრძალვაზე

საქართველოში ნავთობპროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნება, მაგრამ ფასის ზრდისგან დაზღვეულნი არ ვართ - ასე აფასებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ მოსკოვის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 1-ლი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 6 თვის განმავლობაში იკრძალება. ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ჩრდილოელი მეზობლის ეს ქმედება ქართულ ნავთობპროდუქტების ბაზარს ნაკლებად შეეხება.

„ჩვენს ქვეყანაში ნავთობპროდუქტი არასდროს არ ყოფილა დეფიციტში, რაც განპირობებულია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით. საქართველოში ნავთობპროდუქტი შემოდის როგორც ზღვით, ისე სხვადასხვა სახმელეთო გზებით, ამიტომ სანერვიულო ამ კუთხით არაფერია“, - ამბობს ვახტანგ იობაშვილი.

ამის გარდა, რესპონდენტის თქმით, საქართველოში არსებულ ნავთობპროდუქტის იმპორტიორ კომპანიებს აქვთ გარკვეული მცირედი, თუ საშუალო ზომის მარაგი, რაც იმის საშუალებას და დროს მისცემთ, რომ დავუშვათ რუსი მომწოდებელი სხვა დონორით ჩაანაცვლონ, ევროპული ბენზინის კი ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა.

„ნებისმიერ კომპანიას აქვს მცირედი მარაგი, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ერთი მომწოდებლიდან „გადაჯდეს“ სხვა მომწოდებელზე. ასე რომ, არანაირი დისკომფორტი არ გვექნება. ფასზე ზუსტად დღეს ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან არ ვიცით, ყიდვის პროცესში რა ფასი იქნება ევროპულ სანავთობო ბაზარზე, მაგრამ ევროპული საწვავი დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ ბევრია და ქართულ ბაზარზე არსებობს მრავალი კომპანია, რომელსაც ევროპული საწვავი შემოაქვს“, - აღნიშნავს ვახტანგ იობაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპორტი გასულ წელსაც აკრძალა. კერძოდ, 2023 წლის სექტემბერში მინისტრთა კაბინეტმა საბითუმო ფასების მკვეთრი ზრდის გამო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვა შემოიღო, რაც ნოემბერში მოიხსნა. მაშინ ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ თვეში შიდა ბაზარზე საწვავის ჭარბი რაოდენობა შეიქმნა და საბირჟო ბენზინის საბითუმო ფასი საგრძნობლად დაეცა.

ბაჩანა ტყემალაძე