ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელიც ქართულ ღვინოს უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის

2024 წლის იანვარში უცხოეთში ქართული წარმოების ღვინის ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, 2023 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე 15,852 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5,329 ტონა ქართული ღვინო გავიტანეთ, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 17,951 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6,477 ტონა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა, საექსპორტო ფასი შემცირდა. თუ 2023 წლის იანვარში 1 ლიტრი ქართული ღვინო უცხოეთში თითქმის 3 აშშ დოლარი ღირდა, 2024 წლის იმავე პერიოდში ფასმა 2,77 აშშ დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული Top-10 კომპანიის შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი რაოდენობით ადგილობრივი ექსპორტი განახორციელეს:

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ სამეწარმეო რეესტრში 2004 წელს არის რეგისტრირებული. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის გენერალური დირექტორი არის დავით დუგლაძე. რაც შეეხება მეწილეებს, კომპანიის 25.66%-იან წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, 25.68%-ს - ზაალ დუგლაძე, თუმცა მისი წილის მმართველი დავით დუგლაძეა, თავად დავით დუგლაძე წილის 25.66-ს განკარგავს, ხოლო 23%-ს შპს „აისი ინკ“. ამასთანავე, „აისი ინკ“ რეგისტრირებულია 2016 წელს, 2024 წელს განახლებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი დავით დუგლაძეა, მეწილეები კი ზაალ დუგლაძე (34%-განკარგავს დავით დუგლაძე), დავით დუგლაძე (33%) და ალექსანდრე ივანიშვილი (33%).

გარდა ამისა, ათეულში ერთ-ერთი სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანაა“, რომელიც 1996 წელს დარეგისტრირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის მდგომარეობით, კომპანიის დირექტორი გოჩა გიოშვილია. Reportal.ge-ს მონაცემებით, სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“ შპს „აისი ინკ“-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც იგივე შპს-ეა, რომელიც „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ 23%-ს ფლობს.

შპს „ასკანელი ძმებიც“ აღნიშნული კომპანიების ჩამონათვალშია. სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციით, კომპანიის დირექტორი არის ირაკლი უგულავა. რაც შეეხება წილს, 45%-ს შპს „ასკანელი ვაინერი&დისტილერი“ ფლობს, ხოლო გოჩა ჩხაიძე - 55%-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ გოჩა ჩხაიძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოს და რუსეთის ფედერაციის. ამასთანავე, კომპანია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ იმართება, საბჭოს თავმჯდომარე ჯიმშერ ჩხაიძეა, ხოლო წევრები არიან ბესიკ კევლიშვილი, ნატალია სტოგონოვა (რუსეთის მოქალაქე) და გოჩა ჩხაიძე.

შპს „Bolero & Company“ 2012 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერით კომპანიის გენერალური დირექტორი არის ირაკლი ბექაური, ხოლო დირექტორი დავით ბოჭორიშვილია. კომპანიის წილის 100%-ს ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

შპს „კახური ღვინის მარანი“ იმ ქართული უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალშია, რომელმაც საანგარიშო პერიოდში უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო გაიტანა. კომპანია საჯარო რეესტრში 2007 წელს არის რეგისტრირებული, ბოლო ინფორმაციის თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე ნუგზარ ქევხიშვილია.

სს „ბადაგონი“ - 2003 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, 2018 წელს კი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. reportal-ge-ს მონაცემების თანახმად, 2022 წლის მდგომარეობით, სს „ბადაგონის“ ერთადერთი აქციონერი გიორგი სალაყაია იყო. კომპანიის გენერალურ დირექტორად მარინა გიორგაძე ფიქსირდება.

სს „თბილღვინო“ საჯარო რეესტრში 1996 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილია, ხოლო კომპანიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რაც შეეხება წილებს, reportal-ge-ს მონაცემებით, 2021 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, გიორგი მარგველაშვილი და ზურაბ მარგველაშვილი კომპანიის 50-50%-ს ფლობენ.

სს „თელავის ღვინის მარანი“ ასევე 1996 წელს დარეგისტრირდა. 2024 წლის მონაცემების თანახმად, კომპანიის დირექტორი ზურაბ რამაზაშვილია. 2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქციონერების წილები ასე გამოიყურება: ზურაბ რამაზაშვილი - 49.99%, კახა ზუკაკიშვილი - 49.99%, სხვა - 0.02%.

სს „თელიანი ველიც“ აღნიშნული კომპანიების ათეულშია. ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს. 2024 წლის მონაცემების თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას თეიმურაზ ჯანყარაშვილი იკავებს. Reportal.ge-ზე არსებული მონაცემების თანახმად, 2022 წლისა და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მშობელი საწარმო და მფლობელი Georgia Capital-ია.

შპს „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2008 წელს, ბოლო ინფორმაცია 2023 წლის სექტემბერში განაახლა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი თეიმურაზ ჯანყარაშვილია. რაც შეეხება წილს, reportal-ge-ს მონაცემებით, „ჰარვესთ ალავერდი“ ფლობს კომპანიის 100%-იან წილს.

ცნობისთვის, ექსპორტიორები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

მერი ტაბატაძე