კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,სკა ჯგუფის“ საჩივრი განუხილველად დატოვა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,სკა ჯგუფის“ საჩივრი განუხილველად დატოვა.

როგორც სააგენტო განმარტავს, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს ,,დრო ჰელსის“ მხრიდან სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე. თუმცა, მომჩივანმა ისარგებლა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებით და მან სააგენტოში წარმოდგენილი საჩივარი გაიხმო.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით. ასევე, საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს სააგენტოს უფლებას საჩივრის გახმობამდე წარმოდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: 2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც 3 შემთხვევაში შეთანხმებული ქმედება დადგინდა. 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, 1 შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 1 შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის მიმდინარე რეჟიმშია 4 მოკვლევა.

ნინი ქეთელაური