პენსიისა და ხელფასის თანაფარდობის მიხედვით საქართველო სამეზობლოს აუტსაიდერია

საქართველოში პენსია საშუალო ხელფასის მხოლოდ 17%-ს შეადგენს და ის მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საუკეთესო პროპორცია აზერბაიჯანშია, სადაც საშუალო პენსია საშუალო ხელფასის 62,2%-ია.

საქართველოში საშუალო პენსია 315 ლარი, დღევანდელი კურსით დაახლობით 120 დოლარს შეადგენს. 2024 წლის 1-ელ იანვრამდე 295 ლარი იყო. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, საქსტატის ბოლო მონაცემებით, ის 1 855 ლარია, ანუ დღევანდელი კურსით დაახლოებით 700 დოლარი. შედეგად, გამოდის, რომ ქვეყანაში პენსია საშუალო ხელფასის 17%-ს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ვითარეება ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებში. (წყარო - ადგილობრივი მედია, სტატისტიკის სამსახურები)

აღმოჩდა, რომ საქართველოს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რუსეთს, 35,8%. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, რუსეთში საშუალო ხელფასი 711 დოლარია, საშუალო ასაკობრივი პენსია კი 255 დოლარი.

თითქმის 40%-იანი დისპროპორციაა სომხეთში. უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, მეზობელ ქვეყანაში საშუალო ხელფასი, 431 დოლარია, საშუალო პენსია კი 172 დოლარი.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში საშუალო ხელფასი 452 დოლარს შეადგენს, საშუალო ასაკობრივი პენსია კი 240 დოლარია. შესაბამისად, გამოდის, რომ პენსია ხელფასის 53%-ს შეადგენს.

ყველაზე კარგი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, სადაც საშუალო პენსია 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, ინდექსაციის შემდეგ 256-იდან 285 დოლარამდე გაიზარდა. ხოლო საშუალო ხელფასი 458 დოლარს შეადგენს. შედეგად გამოდის, რომ აზერბაიჯანში პენსია საშუალო ხელფასის 62,2%-ს შეადგენს.