გაყინული რუსული აქტივების რა ნაწილი რას მოხმარდება უკრაინის აღდგენის დროს - კულებას ანგარიში

ევროპაში გაყინული რუსეთის მიმდინარე აქტივები უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად საკმარისი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებამ განაცხადა, რასაც Politico ავრცელებს.

კერძოდ, მინისტრის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 23 მლრდ დოლარის, ლუქსემბურგში 6,8 მლრდ დოლარისა და შვეიცარიაში 8,7 მლრდ დოლარის გაყინული რუსული აქტივები 16 დაზიანებული ან განადგურებული სამოქალაქო აეროპორტის, მინიმუმ, 344 ხიდისა და 25,000 კილომეტრზე მეტი გზის აღდგენის ხარჯს დაფარავს.

ასევე, გერმანიაში 6,5 მლრდ დოლარის, ავსტრიაში 1,8 მლრდ დოლარის, ირლანდიაში 2 მლრდ დოლარისა და პოლონეთში 1,13 მლრდ დოლარის გაყინული რუსული აქტივები 3,500-ზე მეტი დაზიანებული ან დანგრეული საგანმანათლებლო დაწესებულების აღსადგენად იქნება საკმარისი. მათ შორის 1,700 სკოლა, 1,000-ზე მეტი საბავშვო ბაღი და 586 უნივერსიტეტია.

ამასთან, კულებას შეფასებით, საფრანგეთში გაყინული 1,48 მლრდ დოლარის რუსული აქტივები რუსეთის მიერ გასულ ზაფხულს განადგურებული კახოვკის ჰესის ნაცვლად ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ეყოფა.

მინისტრის მონაცემებით, ბელგიის დეპოზიტარ Euroclear-ში შენახული რუსული აქტივებიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 2022 წელსა და 2023 წლის პირველი ნახევრისთვის 2,56 მლრდ დოლარი შეადგინა.

„ამ ფულით რუსეთის მიერ დაზიანებული ან დანგრეული ჯანდაცვის 1,223 დაწესებულების, მათ შორის, 384 საავადმყოფოსა და 352 ამბულატორიის აღდგენა იქნებოდა შესაძლებელი. ეს ყველაფერი აღსრულდება, როგორც კი პოლიტიკური ნება იქნება და ამის დრო დადგა. ეს ამად ნამდვილად ღირს,“ - აცხადებს კულება.

მან მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიში გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის აღდგენის მთლიანმა ღირებულებამ 486 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო ომის შედეგად მიღებული პირდაპირი ზარალი, დაახლოებით, 152 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ