„მშობლები მიზანმიმართულად აფინანსებენ შვილების აზარტულ თამაშებს, ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, რადგან გარეთ ყოფნაში მეტ პრობლემას ხედავენ“

მშობელს ურჩევნია მისი შვილი იყოს სახლში და ითამაშოს აზარტული თამაში.. მშობლები გარეთ ყოფნაში უფრო მეტ პრობლემას ხედავენ, ვიდრე აზარტულ თამაშებში, - ამის შესახებ UNICEF-ის ექსპერტმა, „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა“ გუგა ბესელიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევის თანახმად, მოზარდების 10% ამბობს, რომ მათ აზარტულ თამაშებს მშობლები აფინანსებენ.

„ისევ და ისევ ცნობიერების პრობლემებთან მივდივართ. მაგალითისთვის, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა კვლევის მანძილზე, რომ თავად მშობლები მიზანმიმართულად აფინანსებენ საკუთარი შვილის თამაშს. ისინი ამ გარემოში უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს - როცა მათი შვილი არის სახლში და თამაშობს პოკერს ან სხვა აზარტულ თამაშს, ვიდრე იყვნენ თანატოლებთან ერთად სტადიონზე ან სხვა აქტივობაში ჩართულნი. მშობელს ურჩევნია მისი შვილი იყოს სახლში და ითამაშოს აზარტული თამაში.. ისინი გარეთ ყოფნაში უფრო მეტ პრობლემას ხედავენ, ვიდრე ონლაინ აზარტულ თამაშებში.

ამასთან, კვლევის ფარგლებში ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მშობლები შვილების თანდასწრებით არიან ჩართული გემბლინგში ან თავად ათამაშებენ შვილებს და ატრიალებინებენ „სლოტს“ ან სხვა აზარტულ თამაშს, რადგან თვლიან, რომ შვილს უფრო იღბლიანი ხელი ექნება. ასეთ შემთხვევებში როგორც წესი, მშობელი არის თამაშდამოკიდებული და ვერ იაზრებს თუ რას აკეთებს,“ - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს. კერძოდ, მისი ვარაუდით, მოსახლეობის დაახლოებით, 15% (ეს კი 560 ათას ადამიანზე მეტია) არის თამაშდამოკიდებული, რაც ნორმიდან 6-7-ჯერ გადახვევაა, რადგან ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს.

თაია არდოტელი