რუსეთი დასავლურ კომპონენტებს საქართველოდანაც იღებს - სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი

რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზით იღებს. ამის შესახებ აშშ-ის დემოკრატმა სენატორმა კონექტიკუტის შტატიდან, ზედა პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო საკითხთა ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ბლუმენთალმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

ის ხუთ მეზობელ სახელმწიფოს, კერძოდ, საქართველოს, ყაზახეთს, ფინეთს, სომხეთსა და თურქეთს ასახელებს, საიდანაც შუამავალი კომპანიების მონაწილეობით რუსეთი დასავლური ტენოლოგიური კომპონენტების იმპორტს ეწევა.

მისი თქმით, იმპორტის შემდეგ ეს კომპონენტები, კერძოდ, ჩიპები, ნახევარგამტარები და სხვა ტექნოლოგიები რუსულ რაკეტებსა და სხვა მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებში ხვდება, რომლებიც ბრძოლის ველზე უკრაინელებს კლავენ.

სენატორმა დაასახელა ოთხი ამერიკული კომპანია, Intel, AMD, Texas Instruments და Analog Devices, რომლის საქონელიც, მათ შორის, საქართველოს გავლით რუსეთში ხვდება.

„მოდით, შევხედოთ რიცხვებს: ზემოთ აღნიშნული ოთხი კომპანიის ექსპორტი 2021 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ასტრონომიული მასშტაბით, 1000-ჯერ გაიზარდა ყაზახეთში. ეს ამავე პერიოდის საქართველოს მაჩვენებლებს ემთხვევა. ასევე, 34-ჯერ გაიზარდა სომხეთში, 20-28-ჯერ თურქეთში და ერთნახევარჯერ ფინეთში. ჩვენ, ასევე, ვიცით, რომ ამ ხუთის გარდა, სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ჩინეთში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც რუსეთი ექსპორტის კონტროლის თავიდან ასაცილებლად იყენებს. რუსეთი ამ მხრივ წარმატებას აღწევს და ფრონტისთვის კრიტიკული საქონელი იმ დონეზე შეაქვს, რომელიც უკრაინაში შეჭრის წინა პერიოდს, თითქმის, მთლიანად შეესაბამება,“ - აცხადებს სენატორი ბლუმენთალი.

მან მოსმენებზე მთელი რიგი მტკიცებულებები წარადგინა, რომ რუსული აღჭურვილობის პროდუქტები დასავლურ ტექნოლოგიებსა და კომპონენტებს რეალურად შეიცავს. სენატორის ცნობით, ის და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირველად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც პრეზიდენტმა განუცხადა, რომ რაკეტებში, რომლებსაც რუსული ჯარები უკრაინის ქალაქებსა და სამხედროებს ესვრიან, უმეტესწილად დასავლური ტექნოლოგიები, ნახევარგამტარები და სხვა კომპონენტები არის აღმოჩენილი.

მიუნხენიდან ერთი კვირის შემდეგ ბლუმენთალი და ზელენსკი კიევში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა მას მტკიცებულებები გადასცა.

„საქაღალდე, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკიმ გადმომცა, შეიცავდა ძლიერ ბრალდებებს ჩვენი ექსპორტის კონტროლისა და სასანქციო სისტემის მიმართ. ეს სია მტკიცებულების დაუნდობელი მაგალითია და ამერიკული მაღალტექნოლოგიური მწარმოებლების 211 სახეობას შეიცავს... ამ 211 პროდუქტიდან 87-ს ოთხი კომპანია, Intel, AMD, Texas Instruments და Analog Devices აწარმოებს. ეს არის ოთხი ძირითადი წყარო, რომელიც რუსულ სამხედრო მანქანას ამერიკულ ტექნოლოგიებით ამარაგებს. ბრძოლის ველზე რუსულ იარაღში დიდი რაოდენობით სწორედ ამერიკული კომპონენტები აღმოაჩინეს,“ - აცხადებს სენატორი.

კერძოდ, საკომიტეტო მოსმენაზე ითქვა, რომ „ისკანდერის“ რუსული რაკეტები დასავლურ კომპონენტებს, დაახლოებით, 50%-ით, ხოლო რუსული დრონები, თითქმის, 100%-ით შეიცავს.

ამდენად, სენატორი დაასკვნის, რომ რუსეთის თავდაცვის ფრონტი დასავლურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობას განაგრძობს, რომლებიც როგორც უკრაინელების წინააღმდეგ ომში, ასევე, დასავლური სახელმწიფოების დასაშინებლად გამოიყენება. ასევე, მკაცრი სანქციების პირობებში რუსეთი სამხედრო წარმოებისთვის საჭირო დასავლური მაკომპლექტებლების, მათ შორის, სანქციების ქვეშ მყოფი ამერიკული პროცესორების შეძენას მაინც ახერხებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ