ვინ ყიდულობს საქართველოში ყველაზე მეტ სოციალურ-პოლიტიკურ რეკლამას „ფეისბუქზე“ - ISFED-ის ანგარიში

ISFED-ის ინფორმაციით, 2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამზე“ საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა.

„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 56%-ით აღემატება წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, რაც წინა კვარტლის დანახარჯებზე 69%-ით მეტია.

ანგარიშის თანახმად, სოციალურ ქსელებში რეკლამაზე ყველაზე დიდი თანხა, კერძოდ, 28 864 აშშ დოლარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გვერდმა დახარჯა.

მეორე ადგილზეა „ქართული ოცნება“, რომელმაც სოციალურ ქსელებში რეკლამაზე 18 878 აშშ დოლარი დახარჯა. ანგარიშში მოხვდნენ სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული გვერდები - გვერდი სახელწოდებით Irakli Garibashvili – 17 044 აშშ დოლარი, საქართველოს მთავრობა 9 471 აშშ დოლარი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 7 453 აშშ დოლარი, Irakli Garibashvili 4 georgia – 6 426 აშშ დოლარი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 5 644 აშშ დოლარი.

გარდა სახელმწიფო უწყებებისა, ანგარიშში გვხვდება რამდენიმე მედიასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დაკავშირებული „ფეისბუქ“ გვერდები - Giorgi Vashadze – 15 187 აშშ დოლარი, TV Imedi – 9 943 აშშ დოლარი, გვერდი „რა კეთდება“ – 9 705 აშშ დოლარი, Europop – 7 889 აშშ დოლარი, POSTV - ანალიტიკა - 6 327 აშშ დოლარი, მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze – 5 566 აშშ დოლარი, სტრატეგია აღმაშენებელი - strategy Aghmashenebeli – 5 202 აშშ დოლარი, მედიაკრიტიკა/Mediacritic – 4 955 აშშ დოლარი.

მერი ტაბატაძე