„ბუშტი გასკდება“ - რას უწინასწარმეტყველებს ევროპის ცენტრალური ბანკი ბიტკოინს

ბიტკოინი როგორც გადახდის საშუალება ან როგორც ინვესტიცია შეუფერებელია. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის (ეცბ) საბაზრო ინფრასტრუქტურისა და გადახდების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ულრიხ ბინდზაილი და ამ დეპარტამენტის მრჩეველი, იურგენ შააფი ეცბ-ის ბლოგზე წერენ.

მათ ეს პოზიცია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) დამტკიცებით იანვარში პირველი ETF-ების ჩაშვებას დაუკავშირეს, რომლებიც უშუალოდ ამ კრიპტოვალუტაში ინვესტირებას გულისხმობს (Exchange-Traded Fund-ETF, ანუ საბირჟო ვაჭრობის ფონდი გაერთიანებული საინვესტიციო ფასიანი ქაღალდის ტიპია, რომლის ყიდვა-გაყიდვაც ცალკეული აქციის სახით არის შესაძლებელი).

„ეს ოფიციალური თანხმობა ბიტკოინის ადეპტებისთვის, თითქოსდა, ადასტურებს, რომ მასში ინვესტიცია უსაფრთხოა და რომ წინა რალი მისი შეუკავებელი ტრიუმფის დასტურია. ჩვენ არცერთ ამ მტკიცებას არ ვეთანხმებით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ბიტკოინის სამართლიანი ღირებულება ისევ ნულის ტოლია,“ - წერენ ეცბ-ის წარმომადგენლები.

მათი შეფასებით, ელ-სალვადორშიც კი, სადაც ბიტკოინი გადახდის კანონიერ საშუალებად არის აღიარებული და მოქალაქეებს 30 აშშ დოლარის ღირებულების უფასო ბიტკოინი დაურიგდათ, ამ მხრივ მან ფართო აღიარება ვერ მოიპოვა.

ექსპერტები წერენ, რომ ბიტკოინის ტრანზაქციები ისევ ნელი, მოუხერხებელი და ძვირია, ხოლო კრიმინალური საქმიანობისთვის გამიზნული ინტერნეტის ფარული ნაწილის, ანუ ეგრეთ წოდებული darknet-ის მიღმა მისი ტრანზაქციები პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.

ბინდზაილისა და შააფის აზრით, ინვესტორებისთვის ბიტკოინს, უძრავი ქონებისგან განსხვავებით, ფულადი ნაკადი არ მოაქვს, არც დივიდენდები მოაქვს აქციებისგან განსხვავებით და, ნედლეული საქონლისგან განსხვავებით, მისი არც პროდუქტიულად გამოყენება არის შესაძლებელი.

„ბიტკოინის ბაზრის ციკლში, რომელშიც ძლიერ ზრდას „ბუშტის გასკდომა“ მოჰყვება, ამ აღორძინებას საზოგადოებისთვის საშინელი პერსპექტივა აქვს. არაპირდაპირი ზიანი უზარმაზარი იქნება. მათ შორის არის ბიტკოინის შესაქმნელად საჭირო მაღალი ენერგომოხმარების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი და ჯამური სიმდიდრის გადანაწილება ნაკლებად გაცნობიერებულთა საზიანოდ,“ - წერენ ეცბ-ის წარმომადგენლები.

ბინდზაილმა და შააფმა ბიტკოინი ანალოგიურად 2022 წლის ნოემბერშიც გააკრიტიკეს.

ცნობისთვის: ბიტკოინის ფასმა ორწლიან მაქსიმუმს მიაღწია და 57,000 დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ორი სესიის მანძილზე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. ამგვარს ზრდას სწორედ აშშ-ის მიერ ETF-ზე ბიტკოინის დამტკიცებას უკავშირებენ, რის შედეგადაც ინვესტორებმა მისი შესყიდვა აქტიურად უკვე დაიწყეს.

ბიტკოინის ფასი გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ