ოკუპირებული აფხაზეთი რუსული რუბლის “ოფიციალურ ვალუტად” მიღებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” რუსული რუბლის “ოფიციალურ ვალუტად” მიღებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ” ე.წ. კანონპროექტს. დოკუმენტს 26-მა “დეპუტატმა” დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ორი წავიდა.

აღინიშნება, რომ ოკუპირებული რეგიონის “ეროვნული ბანკის თავმჯდომარე” ბესლან ბარათელია ავადმყოფობის გამო სხდომას არ დაესწრო და მას შენიშვნები აქვს დოკუმენტთან. “დეპუტატმა” ბესლან ხალვაშმა განაცხადა, რომ “კანონპროექტში” შესწორებების შეტანა მეორე მოსმენის დროს შესაძლებელია.

“კანონპროექტი” ოკუპირებული აფხაზეთის “ოფიციალურ ვალუტად” რუსულ რუბლს ადგენს, ხოლო ყველა დანარჩენი უცხოურ ვალუტად განიხილება. ასევე, “სავალუტო რეგულირების” მიზნებისთვის “საკანონმდებლო” დონეზე შემოდის “რეზიდენტისა” და “არარეზიდენტის” ცნებები.