საქართველოში არსებული ეკონომიკის დონე გამომგონებელთა დაინტერესებას ხელს ვერ უწყობს

”შეიძლება ძალიან კარგი გამოგონება უყურადღებოდ დარჩეს და დავიწყებას მიეცეს”

ალბათ ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა კაცობრიობა ცნობილი გამოგონებების გარეშე, რომლებიც დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: ალბერტ აინშტაინმა თანამედროვე ადამიანს მაცივარი ”უსახსოვრა”, თომას ალვა ედისონმა - ელექტრონათურა, ალექსანდრე ბელმა - ტელეფონი, ხოლო ჯონ ბეირდიმ - ტელევიზია... ზოგიერთი გამოგონება იმდენად ძველია, რომ მისი შემქმნელის სახელი უკვე აღარავის ახსოვს. ასეთია მაგალითად, დანა, ან გუთანი, რომლებიც ადამიანმა უხსოვარ დროში შექმნა. თანამედროვე გამოგონებები კი გაცილებით რთულია და მათ შექმნაში ზოგჯერ ათეულობით ადამიანი მონაწილეობს.

რა ვიცით ქართველი გამომგონებლების შესახებ და რა წვლილი შეიტანეს მათ ტექნიკის განვითარებაში? - ამ შეკითხვით პარლამენტარ თემურ მაისურაძეს მივმართეთ. მაისურაძე თვითონაც არაერთი გამოგონების ავტორია.

- დავიწყოთ იმით, რომ ეს საიდუმლოების ბურუსით მოცული თემაა, რადგან საქართველო ვერ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას ქართველი გამომგონებლების შესახებ. მართალია, ზოგიერთი მათგანის სახელი ცნობილია – მაგალითად, ჯორჯ კობი, ალექსანდრე ქართველიშვილი, ვლადიმერ ბექაური და სხვები, მაგრამ უმეტესობის შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია გვაქვს. ერთი ვებგვერდიც კი არ არის, სადაც მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაწვრილებით იქნება მოთხრობილი. ჩემი აზრით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა შექმნა და როდის, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ არის.

- ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ქართველი გამომგონებელი მოღვაწეობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში.

-  დიახ, ისინი გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ ბევრი მათგანის ვინაობა დღემდე უცნობია. ამის მიზეზი ის არის, რომ საბჭოთა ეპოქაში სამრეწველო შპიონაჟი აქტიურად მუშაობდა და თითქმის ყველაფერი საიდუმლოდ ინახებოდა. ძალიან ხშირად შვილმა არ იცოდა, რომ მისი მამა რაღაც საიდუმლო გამოგონებაზე მუშაობდა და თუ ვინმე თავის გამოგონებას გაყიდდა, უნდა დაემალა, იმიტომ, რომ ასეთი რამისთვის მკაცრად დაისჯებოდა. ყველაფერს სახელმწიფო ჰყიდდა, რადგან ნებისმიერი ინტელექტუალური სიახლე თავის საკუთრებად მიაჩნდა. ხშირ შემთხვევაში გამოგონების ავტორს ან არაფერს უხდიდნენ და თუ უხდიდნენ - მხოლოდ კაპიკებს. ერთ-ერთი ასეთი მეც ვარ. ძალიან ბევრი ჩემი გამოგონება გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის ბევრ ქარხანაში. ანაზღაურება მიზერული იყო, თუმცა, საბჭოთა სტანდარტებით ეს საკმაოდ კარგ შემოსავლად ითვლებოდა. განსაკუთრებით ასაიდუმლოებდნენ ისეთ გამოგონებებს, რომლებიც სამხედრო სფეროსთან იყო დაკავშირებული. მეც ვარ ასეთი დახურული გამოგონებების ავტორი. როდესაც რაიმე სამხედრო წარმოებასთან იყო დაკავშირებული, მისი პატენტიც საიდუმლოდ რჩებოდა და ავტორიც.

- ძირითადად, რომელ სფეროში საქმიანობდით?

- მე და ჩემი ძმა - ნოდარ მაისურაძე ერთად ვმუშაობდით, მაგრამ ჩემი სფერო ძირითადად ავიაცია იყო. სამოქალაქო მიმართულებით კი, ორივე ერთად ვმუშაობდით. იმ დროში უამრავი ქარხანა მუშაობდა და გამომგონებლის საქმიანობას გასაქანი ჰქონდა, დღეს კი, საქართველოში წარმოებები თითზე ჩამოსათვლელია, ამიტომ, ამ საქმისადმი ინტერესი დაიკარგა. 1990-იან წლებში ბევრი კარგი გამომგონებელი საზღვარგარეთ წავიდა და იქ მოღვაწეობს, ზოგი კერძო კომპანიაში, ზოგიც- სამეცნიერო დაწესებულებებში. ამ ადამიანებმა აქ ვერ შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაცია და უცხოეთში წასვლა ამჯობინეს. საქართველოში ძალზე მცირეა კომერციულად მომგებიანი გამოგონებების რიცხვიც. მათ შორის დავასახელებდი ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონებას, რომელიც ამერიკელებს მოეწონათ და შეისყიდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. შეიძლება ჩუმად ბევრი რამ გაიყიდა, მაგრამ ამის შესახებ ცნობები არ გვაქვს, რადგან ხშირად ყველაფერი ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით წყდებოდა.

- ესე იგი, გამომგონებლებს საბჭოთა პერიოდში უფრო მეტი გასაქანი ჰქონდათ?

-  საბჭოთა კავშირი კარგ გამოგონებებს ჰყიდდა, როგორ წესი, ამ საკითხს სახელმწიფო განაგებდა, მისი დაშლის შემდეგ კი გამომგონებლები უფუნქციოდ დარჩნენ. ადრე საქართველოში არსებულ ინსტიტუტებს საკუთარი პატენტები ჰქონდათ, ძალიან ბევრი სიახლე და ნოვაცია იქმნებოდა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, დღეს კი, ვერც ერთ ინსტიტუტს ვერ დამისახლებთ, რომელსაც საკუთარი პატენტი აქვს, როდესაც მთელ მსოფლიოში ეს წამყვანი მიმართულებაა და ყველა წარმატებულ უნივერსიტეტს აქვს საკუთარი პატენტები. ჩვენთან კი რა ხდებოდა? - 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, არ ვიცით, ვინ რას ქმნიდა, ან სად ჰყიდდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ეს ხალხი ჩრდილში იყო, ხოლო მათი საქმიანობა - საზოგადოებისთვის უხილავი და უჩინარი გახლდათ. სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც არ არსებობს ისეთი სტრუქტურა რომლის დახმარებითაც გამომგონებლები თავიანთ პროდუქტს გაყიდიან.

- გამოდის, რომ ქართველი გამომგონებლების შესაძლებლობებს წლების განმავლობაში სათანადოდ ვერ ვიყენებდით?

- ვერ ვიყენებდით და სწორედ ამიტომ გაჩნდა ინიციატივა, რომ შექმნილიყო სტრუქტურა, რომელიც ჩვენს გამომგონებლებს ხელს შეუწყობდა და ჩრდილიდან გამოიყვანდა. ამ მიზნით შეიქმნა ”ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო”, რომელმაც ამ სფეროში აქტიური მუშაობა დაიწყო. ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით დღეს როგორღაც ყინული დაიძრა: მოეწყო გამოფენები, სადაც ჩვენი საზოგადოება ქართველი გამომგონებლების ნამუშევრებს გაეცნო. გამომგონებლებიც გააქტიურდნენ და ერთმანეთს ეხმარებიან პარტნიორების მოძიებაში. ახლახან ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინეს და NASA-ს სამიტშიც მიიღეს მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ ეს სფერო თანდათან იწყებს გამოცოცხლებას, მაგრამ რაც ხდება, საკმარისი სულაც არ არის. საქართველოში არსებული ეკონომიკის დონე, ხელს ვერ უწყობს გამომგონებელთა დაინტერესებას და გააქტიურებას. არც კომპანიები არიან დაინტერესებულნი, რომ წარმოებაში ნოვაციები დანერგონ და ახალი იდეები ეძებონ. სწორედ ამიტომ, შეიძლება ძალიან კარგი გამოგონება უყურადღებოდ დარჩეს და დავიწყებას მიეცეს. ამ ყველაფერს ყურადღების მიქცევა სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე