გომისმთაზე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 18.8 მილიონი ლარი დაჯდება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 21 კმ-მდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაობი მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა ხორციელდება.

მათივე ცნობით, პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარი გამოიყო.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომისმთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვისაც.

არსებული გზა დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია - გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, საგზაო ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მერი ტაბატაძე