2023 წელს ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 6,2%-ით გაიზარდა

2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1,278 მლნ შეადგინა, მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი, 1,599 მლნ ერთეული. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 6.2 %-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 17.5%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, 2023 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 693.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.1%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ვიზიტორების 36.6% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.5%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 34.6% თბილისის მაცხოვრებელია, 16.9% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6 % - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

ნინი ქეთელაური