ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ვალებშია - კლუბს შესაძლოა, ანგარიშები დაუყადაღდეს

იტალიის სერია A-ს გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი, „ნაპოლი,“ რომელშიც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ფინანსური პრობლემების წინაშეა. ინფორმაციას Forbes Sport ავრცელებს.

გუნდის ანგარიშები გაზაფხულის ბოლოსთვის შესაძლოა, დაყადაღდეს, თუკი „ნაპოლი“ საშინაო თამაშების დროს პოლიციის მიერ გაწეული სამუშაოს გადასახადს არ გადაიხდის. კერძოდ, „ნაპოლის“ მუნიციპალიტეტის მიმართ 100 000 ევროს ოდენობის ვალი აქვს.

ჯერ კიდევ 2017 წელს იტალიამ მიიღო კანონი, რომელიც კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზატორებს ავალდებულებს, ამ ღონისძიებებზე სამართალდამცავი უწყებების მუშაობისთვის გადასახადი დამოუკიდებლად გადაიხადონ. მანამდე კონცერტებსა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე პოლიციის ყოფნა რეგიონების ხაზინიდან ფინანსდებოდა, თუმცა შვიდი წლის წინ გადაწყდა, რომ ბიუჯეტის ეს ხარჯი კერძო პირებს დაკისრებოდათ.

„საზოგადოებრივ ღონისძიებათა“ ცნების ქვეშ საფეხბურთო მატჩებიც მოექცა და ეს ფინანსური ტვირთი კლუბებს დაეკისრა. ისინი უხდიან მათ, ვინც არენის შიგნით წესრიგს უზრუნველყოფს და პოლიციელებს, რომლებიც სტადიონის გარშემო არიან განლაგებული.

ამ კანონის მიღებას სერია A-ს ყველა კლუბი დაეთანხმა და სიტუაცია სტაბილური იყო მანამ, სანამ „ნაპოლის“ მფლობელმა, აურელიო დე ლაურენტისმა სისტემის წინააღმდეგ წასვლა არ გადაწყვიტა. მან მიმდინარე სეზონზე ნეაპოლის მუნიციპალიტეტს გუნდის თამაშებზე პოლიციის მუშაობისთვის გადასახადის გადახდა შეუწყვიტა.

კერძოდ, გამოცემა La Repubblica-ს ცნობით, „ნაპოლის“ ბოლო ცხრა საშინაო მატჩის გადასახადი არ გადაუხდია. ამ თამაშებზე პოლიციის მუშაობისთვის კლუბმა ადგილობრივ ბიუჯეტში საერთო ჯამში, დაახლოებით, 100 000 ევრო უნდა გადაიხადოს.

იტალიურმა მედიამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საფეხბურთო კლუბისთვის გაგზავნილი წერილი მოიპოვა. ნეაპოლის მუნიციპალიტეტი კლუბისგან ვალის დაფარვას 60 დღის განმავლობაში მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაპოლის“ სანქციები დაემუქრება. კერძოდ, ადგილობრივი კანონმდებლობით, კლუბის ყველა ფინანსური ანგარიში გაფრთხილების გარეშე გაიყინება. ამ შემთხვევაში გუნდი ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ შეძლებს.

დე ლაურენტისის წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ მისი კლიენტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ვალის გადახდას არ აპირებს. „ნაპოლის“ მფლობელი ამბობს, რომ საფეხბურთო მატჩები „ აღნიშნულ კანონს არ უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან ისინი საზოგადოებრივ ღონისძიებას არ წარმოადგენენ.“

გუნდის ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში კლუბის იურისტები გასაჩივრებისთვის უკვე ემზადებიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ