"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში" ცვლილებები შევიდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში ძირითადი და საბრუნავი საშუალებების კომპონენტების სესხის თანხის ქვედა ზღვარი განისაზღვრა 20 000 ლარით, ნაცვლად 12 000 აშშ დოლარისა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს კვლავ შეეძლებათ 3, 2, 1 და ხშირ შემთხვევაში 0 პროცენტიანი სესხებით ისარგებლონ. ამ ცვლილებით, სესხის მინიმალური თანხის მოცულობა აღარ იქნება დამოკიდებული ლარის კურსის ცვლილებაზე, რაც მოსახლეობისთვის "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს" კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში" კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. შესაძლებელი გახდა 2014 წელს ყურძნის შესყიდვის მიზნით გაცემული სესხების ვადის გახანგრძლივება 21 თვემდე. პროექტში შესული სიახლე ღვინის კომპანიებს საკუთარი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში შეუწყობს ხელს და გაუხანგრძლივებს პროდუქციის სარეალიზაციო დროს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტებს" 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაცემულია 860 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის 23 ათასი სესხი.