აჭარის მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული მეომრების ოჯახებს გაზრდილ მატერიალურ დახმარებას გაუწევს

აჭარის მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული და დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების ოჯახებს გაზრდილ მატერიალურ დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროგრამებზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება 1000 ლარის ნაცვლად, 5000 ლარი გახდება, ხოლო აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება მეომრების ოჯახებს გაეწევა - თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით.

2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის (2007-2021წწ) დროს დაღუპულ, ასევე, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა ოჯახების დაფინანსების ბიუჯეტი 62.5%-ით, კერძოდ 322 000 ლარით გაიზარდა და ჯამში, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 515 000 ლარს შეადგენს.

„ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიზარდა ერთჯერადი მატერიალური დახმარება ომის შედეგად დაღუპული ოჯახებისთვის და შესაბამისად, წელს, მათ გაეწევათ 5 000 ლარიანი დახმარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულ გმირების ოჯახებსაც შესაბამისად, ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეზარდათ და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მათ მხარდაჭერას,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობა გაფართოვდა და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელს შესაძლებლობა ჰქონდეს, პრაქტიკულად უფასოდ მიიღოს სამედიცინო მომსახურება.

როგორც რიჟვაძე განმარტავს, 25 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. ასევე, გაიზრდება ძალადობის მსხვერპლი პირების და მათი ოჯახების მხარდაჭერა.

„დაფინანსება ყველა მიმართულებით იზრდება. მოგეხსენებათ, რომ გაიზარდა უშვილობის პროგრამის ბიუჯეტი და სასიხარულოა, რომ წელს ამ პროგრამის ფარგლებში 16 ახალშობილი დაიბადა. შშმ პირები, ნაცვლად 18 წლისა, 25 წლამდე ისარგებლებენ პრაქტიკულად სრულად უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე გაორმაგდება, გაიზრდება ძალადობის მსხვერპლი პირების, მათი ოჯახების მხარდაჭერა. გაიზრდება ახალშობილი ტყუპების დაფინანსება.

პროგრამები, რომლების ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით განხორციელდა, საკმაოდ კარგ მოცემულობას ქმნის, მაგრამ მინდა თამამად აღვნიშნო და ვთქვა, რომ ჩვენ ამ მოცემულობაზე არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი სიახლის შემოტანას და ასევე ბიუჯეტის კორექტირებას. ვგეგმავთ, რომ გაიზარდოს როგორც იმ პირთა წრე, რომლებიც სარგებლობენ აჭარის ჯანდაცვის შესაბამის პროგრამებით, ასევე, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს სოციალური დაცვა. შესაბამისად, ჩვენთვის ყველასთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენს მაცხოვრებელს ჰქონდეს შესაძლებლობა ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში პრაქტიკულად უფასოდ მიიღოს სამედიცინო მომსახურება რეგიონში და ამ მიმართულებით, მომავალში აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.