„გაიარეთ ხაშურში და ნახავთ, რამდენი თევზი იყიდება, სად აქვთ შესაბამისი ცნობა?! ჰგონიათ, რომ ასე უნდა იყოს, ან ვიღაც მფარველობს“

„გაიარეთ ხაშურში და ნახავთ, რამდენი თევზი იყიდება, სად აქვთ შესაბამისი ცნობა?! ჰგონიათ, რომ ასე უნდა იყოს, ან ვიღაც მფარველობს“ , - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კარგია თუ ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება, თუმცა მთავარი ნაწილი მისი აღსრულებაა.

შეგახსენებთ, რომ თევზჭერის დროს ელექტრო შოკური აპარატის გამოყენებასა და ბრაკონიერობაზე რეგულაციები მკაცრდება. კერძოდ, თუ მოქმედი კანონმდებლობა სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როცა ბრაკონიერს უკანონო თევზჭერის ფაქტზე დააფიქსირებენ, ახლა სანქციები ხელნაკეთი ელექტრო შოკური მოწყობილობების დამზადებაზე, შენახვასა და გადატანაზეც გავრცელდება.

„კანონი რომ მკაცრდება, ეს კარგია, მაგრამ აღსრულება უნდა იყოს ნომერ პირველი. სხვა შემთხვევაში, ამას ფასი არ აქვს. ასევე, პრობლემაა სასამართლო სისტემა - დაიჭირეს ბრაკონიერი, გამოუშვეს, სულ ესაა. მათთვის გადასახადი არაფერია, იმდენ მოგებას ნახულობენ ამ საქმით. არ არიან სპეციალიზებული მოსამართლეები, ვისაც ეცოდინება, სინამდვილეში რამხელა ზიანს აყენებენ გარემოს. ზიანი ასე მარტივად ხომ არ ითვლება, „ორი ღერი“ თევზის მოკვლით, იმან (ბრაკონიერმა) დენით რომ გაიარა, ლიფსიტიანად ყველაფერი მოსპო.

მანამდე კი, უნდა დავიწყოთ დაცვის ღონისძიებებით. სპეციალური სამსახური უნდა იყოს, რომელიც ამას გააკონტროლებს. ახლა ვიყავი ავსტრიაში, მანქანიდან რომ გადაჰყურებ მდინარეს, იმხელა თევზები დაცურავენ, აბა ვინმემ გაბედოს ლიცენზიის გარეშე თუნდაც ანკესით თევზაობა. გადაიხდიან კონკრეტულ თანხას და შემდეგ თევზაობენ. იქ წარმოუდგენელია სხვანაირად. აქ თუ ვინმეს მოუნდა ქელეხში და ქორწილში თევზი, წავიდა, ფული გადაუხადა ვიღაცას და დააჭერინა, ეგრე სად არის?! გაიარეთ ხაშურში და ნახავთ, რამდენი თევზი იყიდება, სად აქვთ შესაბამისი ცნობა?! ეს უნდა მოისპოს. ამას თუ არ მოეღო ბოლო, მიჩვეული არიან და ჰგონიათ, რომ ასე უნდა იყოს, ან ვიღაც მფარველობს.

ძველი კანონიც იცავდა რაღაც დონით, მაგრამ აღსრულების გარეშე არ კმარა. ერთი პერიოდი ღარიბაშვილი მინისტრად რომ დანიშნეს, განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოხელეს თუ ნახავდნენ, იმ წუთში ისჯებოდა. ამან სადღაც 3 წელიწადი იმუშავა და შეეტყო კიდეც მდინარეს. ახლა ვიღაც ჩინოვნიკს ქეიფი და თევზი მოუნდა, გადაუხდის ვინმეს ფულს... რა ვიცი, აღარ ისჯებიან?! ფაქტია, რომ არ არის მოწესრიგებული ეს დარგი“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.

ნინი ქეთელაური