ვის ეკუთვნის Top-10 ქართული კომპანია, რომელიც აშშ-ში ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის

2023 წლის იანვარში აშშ-ში ქართული წარმოების ღვინის ექსპორტი შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ამერიკაში 387 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 52 ტონა ქართული ღვინო გავიტანეთ, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 312 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 38 ტონა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი შემცირდა, ამერიკაში ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გაიზარდა. მაშინ, როცა გასული წლის იანვარში 1 ლიტრი ქართული ღვინო 7.4 აშშ დოლარი ღირდა, 2024 წლის იანვარში ფასმა 8.2 აშშ დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული Top-10 კომპანიის შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც 2023 წელს ამერიკაში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო გაიტანეს:

შპს „კახური ღვინის მარანი“ იმ ქართული უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალშია, რომელმაც საანგარიშო პერიოდში უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო გაიტანა. კომპანია საჯარო რეესტრში 2007 წელს არის რეგისტრირებული, ბოლო ინფორმაციის თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე ნუგზარ ქევხიშვილია.

შპს GRW 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. 2022 წლის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი რევაზ ყარალაშვილია. რაც შეეხება წილებს, ყარალაშვილის წილი კომპანიაში 50%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენ 50%-ს ლიანა კუპრეიშვილი ფლობს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოსა და რუსეთის.

შპს „ჯოს! ვაინს“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა, ამავე წლის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი გიორგი ქორიძეა. აღანიშნავია ისიც, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე ორმაგი - საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე თამაზ გომიაშვილია.

შპს „ვინაგორა“ უმსვიხლესი 10 კომპანიის რიგებშია, ის სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი 2023 წლის მონაცემებით თამარი ზასუხინაა. კომპანიის 100%-იან წილსაც სწორედ ზასუხინა ფლობს.

შპს „თელედა“ ბაზარზე 2012 წლიდან პოზიციონირებს. გასული წლის მდგომაროებით, მისი დირექტორი ვანო ხმიადაშვილია. რაც შეეხება კომპანიის წილებს, შემდეგნაირად არის გადანაწილებული: მერი დაქიშვილი - 60%, მამუკა წერეთელი - 36% (ორმაგი მოქალაქე საქართველო და აშშ), ზაქარია კიკნაძე - 4%.

შპს „ნეკი“ სამეწარმეო რეესტრში 2020 წლიდან ფიქსირდება. ამავე წლის მონაცემებით, კომპანიას ორი დირექტორი ჰყავს - ივანე მარტიაშვილი და მალხაზ ჯაყელი. ისინი კომპანიის 50-50% წილებს ინაწილებენ.

შპს „შიმონ და კომპანიაც” ათეულშია, მან ოპერირება ქართულ ბაზარზე 2019 წელს დაიწყო. კომპანიის დირექტორი, გასული წლის მდგომარეობით, ალექსანდრე ფერაძეა. რაც შეეხება კომპანიის წილებს, 100% წილს ალექსანდრე იუსუპოვი ფლობს.

სს „თელიანი ველიც“ აღნიშნული კომპანიების ათეულშია. ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს. 2024 წლის მონაცემების თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას თეიმურაზ ჯანყარაშვილი იკავებს. Reportal.ge-ზე არსებული მონაცემების თანახმად, 2022 წლისა და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მშობელი საწარმო და მფლობელი Georgia Capital-ია.

სს „თელავის ღვინის მარანი“ ასევე 1996 წელს დარეგისტრირდა. 2024 წლის მონაცემების თანახმად, კომპანიის დირექტორი ზურაბ რამაზაშვილია. 2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქციონერების წილები ასე გამოიყურება: ზურაბ რამაზაშვილი - 49.99%, კახა ზუკაკიშვილი - 49.99%, სხვა - 0.02%.

სს „კორპორაცია ქინძმარაული“ 1996 წელს არის რეგისტრირებული. 2023 წლის მდგომარეობით, კომპანიის გენერალური დირექტორი თამაზი კონჭოშვილია. რაც შეეხება კომპანიის აქციონერებს, მათი წილები 2022 წლის მონაცემებით, შემდეგნაირად არის გადანაწილებული: თამაზ კონჭოშვილი - 63.94%, ეკატერინე ამირანაშვილი - 23.94%, ელგუჯა ცირიკაშვილი 5.93% და სხვა აქციონერები - 6.19%. ამასთანავე, reportal.ge-ს მონაცემების თანახმად, კომპანია 2022 წელს ფლობდა საწარმოო წილებს შემდეგ შპს-ებში: „კონჭო და კომპანია“, „კახეთი კომპანი“, „შატო ყვარელი“, „ილიას მამული“, „ოქროს კახეთი“ და „საქართველოს ღვინის გზა“.

ცნობისთვის, ექსპორტიორები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

მერი ტაბატაძე