აფხაზეთში წყლის ფრინველები მასობრივად იხოცება - შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო მიზეზი ვერ დგინდება

აფხაზეთში წყლის ფრინველის, გრების, იგივე, დიდი (ან ქოჩორა) მურტალას მასიურად დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. სოხუმისა და სხვა ქალაქების სანაპიროებზე მიმოფანტული მკვდარი წყლის ფრინველების ფოტო-ვიდეო მასალას ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს.

თუმცა გარემოსდაცვითი და ვეტერინარული დე ფაქტო სამსახურები მიიჩნევენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

აფხაზეთის გარემოს დაცვის დე ფაქტო სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე, მურმან სოლომკო აცხადებს, რომ ეკოლოგებმა მკვდარი გრებები ოჩამჩირის სანაპიროზეც დააფიქსირეს, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ისინი სოხუმის ყურეში შეინიშნება.

სოლომკოს ინფორმაციით, ამ ფრინველის მასობრივი დახოცვის ფაქტი რუსეთის კრასნოდარის მხარეში, კერძოდ, გელენჯიკსა და ანაპაშიც დაფიქსირდა, თუმცა რუსი ექსპერტები ფრინველის გრიპის არსებობას გამორიცხავენ.

დე ფაქტო სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის უფროსი, რომან ჯოპუა ამბობს, რომ აფხაზი სპეციალისტები საჭირო ლაბორატორიის არარსებობის გამო ცალსახად ვერ ასახელებენ წყლის ამ ფრინველის დაღუპვის მიზეზს. ისინი მხოლოდ რუსი კოლეგების ინფორმაციით ხელმძღვანელობენ. კერძოდ, კრასნოდარის მხარის რეგიონულ ვეტერინარულ ლაბორატორიაში ჯოპუას განუცხადეს, რომ ფრინველის დაღუპვის უამრავი შემთხვევაა და მიმდინარეობს მასალის გამოკვლევა.

რუსები, ჯოპუას ცნობით, სიკვდილის მიზეზად ხან პარაზიტულ, ხანაც რაიმე სახის ინფექციურ დაავადებას, ხან კი შიმშილისგან დაუძლურებას ასახელებენ.

„ამასთან, რუსმა კოლეგებმა დასძინეს, რომ არაფერი საშინელი, არაფერი ზებუნებრივი ან კატასტროფული არ ხდება და პანიკა საჭირო არ არის,“ - ამბობს ჯოპუა.

მთავარი ვეტერინარის ცნობით, აფხაზეთში დახოცილი ფრინველების ნეშტი გაკვეთეს, რის შედეგადაც მათი შიმშილისგან დაუძლურება გამოირიცხა, რადგან „სხეულში საკმარისი რაოდენობის ცხიმი, ორგანოები კი მთელი აღმოჩნდა და არანაირი ცვლილებები არ შეინიშნებოდა.“

„ერთადერთი, რაც აღმოვაჩინეთ, თვალის ლორწოვანი გარსის სისხლდენა იყო, მაგრამ რომ გავიგოთ, ეს რას შეიძლება, უკავშირდებოდეს, ამისთვის საუკეთესო ლაბორატორია ან ინსტიტუტი გვჭირდება,“ - აცხადებს ჯოპუა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ