"დელტას" განცხადებით, გუშინ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო ყველა აგრეგატი ჩაირთო

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" განცხადებით, გუშინ, კახეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ აგრეგატი არ ჩაირთო ან არ გაისროლა.

როგორც "დელტას" საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა თამარ გვარიშვილმა განაცხადა, რომ არა აგრეგატების მუშაობა, კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი ძალიან დიდი იქნებოდა.  "მიუხედავად იმისა, რომ სატესტო რეჟიმში ვმუშაობდით, აგრეგატი სრულად ჩაირთო. არსად არ ყოფილა შემთხვევა, რომ აგრეგატი არ ჩაირთო ან არ გაისროლა. კურდღელაურში მცირე დაგვიანებით მოხდა აპარატის ჩართვა, რადგან მაგ დროს კახეთის თავზე იყო სამოქალაქო ფრენები. უბრალოდ, ამ დროს ვერ გავისროდით. ძალიან დიდი ზარალი იყო აცილებული. რომ არ ჩართულიყო აპარატები, იმხელა ღრუბელზე იყო საუბარი, რომ ნათესებსა და ვენახებს მიწასთან გაასწორებდა", - აღნიშნა გვარიშვილმა.

მისივე თქმით, გეგმაში არის სულ 84 აპარატის დამონტაჟება. "ამ დროისთვის ყველა არ არის დამონტაჟებული. სადაც არ იყო ჩართული, იქ მობილური სეტყვის საწინააღმდეგო აპარატი ისროდა, რომელიც მაგრდება მანქანებსა და დიდგორებზე", - აღნიშნა გვარიშვილმა.

მისივე თქმით, სიღნაღის რაიონის სოფლებში ზარალი გამოიწვია ძირითადად ქარმა და არა სეტყვამ. "რამდენადაც ვიცი, სეტყვა იყო ამ სოფლებში, თუმცა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიყენებული ზიანი ძირითადად არის გამოწვეული ქარისგან. ღრუბელი დავშალეთ და იქ არ ყოფილა ღრუბელი. მოვიდა იმის დაახლოებით 10%, რა ოდენობის სეტყვაც უნდა ყოფილიყო", - აღნიშნავენ "დელტაში".

"დელტამ" განცხადება გუშინაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 28 მაისს, 15:20 სთ-ზე, სსსტც "დელტა"-ში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში სწრაფი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სეტყვის ღრუბლები დააფიქსირა. სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავება გასროლებით მოხდა პირველივე შესაძლებლობისთანავე. არსებული წესების მიხედვით, გასროლამდე "დელტამ" სპეციალური ნებართვა მოითხოვა "საქაერონავიგაციისგან", თუმცა, იმ მომენტისთვის, საჰაერო სივრცეში სამგზავრო თვითმფრინავების არსებობის გამო, სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სროლების ნებართვა გაიცა 20 წუთის შემდეგ, 15:40 საათზე. სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლით თელავის თავზე დაიშალა 30 მმ-იანი სეტყვის მარცვლების შემცველი ღრუბლები. ასევე დიდი რაოდენობით სეტყვასაშიში ღრუბლები დამუშავდა რაკეტების მომდევნო გასროლის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ "დელტასგან" დამოუკიდებელი, მაგრამ ობიექტური შეზღუდვების გამო, სროლები მოგვიანებით განხორციელდა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კურდღელაური მაინც დაისეტყვა, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებამ მაქსიმალურად შეამცირა სოფელში სტიქიის ხანგრძლივობა, მოსალოდნელ სეტყვას აარიდა მეზობლად მდებარე სოფლებიც და შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეამცირა სეტყვის შედეგად მოსალოდნელი ზარალი.  შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი სამსახური აგრძელებს მუშაობას 24 საათიან რეჟიმში", -აცხადებენ კომპანიაში.