აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას abkhazeti.info ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ვაკანსია დე ფაქტო განათლებისა და ენერგეტიკის სამინისტროებმა ერთბლივად გამოაცხადეს.

„აეროპორტის მშენებლობის პროცესი ბევრ მუშახელს მოითხოვს. საჭიროა სხვადასხვა მიმართულების ათეულობით სპეციალისტი. აეროპორტში დასაქმების მსურველები შესაბამის შემოწმებას გაივლიან და დადგინდება მათი კვალიფიკაციის დონე. ამასთან, შესაძლებელი იქნება კადრების გადამზადებაც “ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსი ინვესტორი სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ავარიული შენობების დემონტაჟს განახორციელებს. სოხუმში სამშენებლო ტექნიკა და მუშახელი უახლოეს მომავალში უნდა ჩავიდეს.

2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის განვითარება“ განახორციელებს. კომპანიის ერთადერთი მფლობელი რაშიდ ნურგალიევია, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევ-უფროსის ერთ-ერთი ვაჟია. მამამისი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ 2023 წლის 10 ივლისს დაფუძნდა. კრემლმა ის სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციური ინვესტორის შესარჩევი კონკურსისთვის შექმნა, რომელიც ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 4-15 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა.

დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, ტექნიკური ფრენები სოხუმის აეროპორტიდან არაუგვიანეს 2024 წლის ივლისისა დაიწყება, აეროპორტის ამოქმედება კი 2024 წლის დეკემბრის ბოლოს იგეგმება. მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთს, დიდი ალბათობით, „საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა“ მოუწევს.