რა ქონებით ტოვებს პოსტს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. როგორც ცნობილია, ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს ზურაბ აზარაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

მის მიერ, გასული წლის აპრილში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ აზარაშვილის საკუთრებაში არანაირი უძრავი და მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ მისი მეუღლე ფლობს ავტოფარეხს, რომელიც 5000 აშშ დოლარადაა შეძენილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ზურაბ აზარაშვილს "საქართველოს ბანკის“ მიმდინარეზე ჰქონდა - 2 737 ლარი და 3 716 ევრო, „ტერა ბანკის“ მიმდინარეზე 144,91 ლარი, ანაბარზე - 2860 აშშ დოლარი და 2000 ევრო, საბარათეზე 50,31 ლარი. ასევე, 2021 წელს სახლის რეალიზაციიდან მიღებული 10 000 აშშ დოლარი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ხელფასის სახით, 2022 წელს ჯამში 66 330 ლარი მიიღო.

ნინი ქეთელაური