რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი მარტშიც ნულოვანი დარჩება

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი, წინა ცხრა თვის მსგავსად, მარტშიც ნულოვანი იქნება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშში წერია.

მზესუმზირის შროტზე გადასახადი თებერვლის 4,321.3 რუბლიდან მარტში ტონაზე 2.2%-ით, 4,227 რუბლამდე (47-დან 46 დოლარამდე ) შემცირდება.

საორიენტაციო ფასებმა, რომელთა მიხედვითაც გადასახადი გამოითვალა, ტონა ზეთზე 776 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვის წინანდელ 794,3 დოლარზე ნაკლებია, ხოლო შროტზე 237,9 დოლარია, რაც, ასევე, ერთი თვის წინანდელ 249,7 დოლარის ოდენობის ფასზე ნაკლებია.

2023 წლის 1 სექტემბრიდან შროტზე გადასახადის გამოთვლის საბაზისო ფასი ტონაზე 2,000 რუბლით (22 დოლარით), ანუ 15,875 რუბლამდე (174 დოლარამდე) გაიზარდა, ხოლო ზეთის გადასახადის გამოანგარიშებისთვის საბაზისო ფასი არ შეცვლილა და ტონაზე კვლავ 82,500 რუბლს (902 დოლარს) შეადგენს.

ზეთსა და შროტზე გადასახადი რუბლებში 2022 წლის ივლისიდან გამოითვლება. მზესუმზირის ზეთის გადასახადი საბაზისო ფასს, ანუ ტონაზე 82,500 რუბლსა (902 დოლარსა) და საორიენტაციო, ანუ საბაზრო თვიური ფასების საშუალო არითმეტიკულ ფასს შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ