რეგისტრირებულია 1 680 400 ავტომობილი, აქედან 82.3% ათ წელზე მეტი ასაკისაა

2023 წლის ბოლოს საქართველოს მასშტაბით, 1 680 400 ავტომობილია რეგისტრირებული. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლიდან მოყოლებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება საქართველოში. შედარებისთვის, 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 228 100 ავტომობილი. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წელს 1 563 200 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ წლიური ზრდა - 117 200 ერთეულია.

„საქსტატის“ მონაცემებით, გასულ, 2023 წელს რეგისტრირებული ავტომობილებიდან ძირითადი - 85.6% ანუ 1 438 600 ერთეული იყო მსუბუქი ავტომობილი; 118 ათასი - სატვირთო; 54 100 ავტობუსები და მიკროავტობუსები; 69 600 - სპეციალური დანიშნულების; ხოლო 100 ერთეულის კატეგორია უცნობია.

რაც შეეხება წლოვანებას, გასული წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ავტომობილების ძირითადი 82.3% არის 10 წელზე მეტი ასაკის. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საუბარია 1 383 000 ერთეულ ავტომობილზე. 7 300 ერთეული ავტომობილის ასაკი უცნობია; 210 700 ერთეული არის 5-10 წლის; 46 500 ავტომობილი 2-5 წლის; 33 ათასი ავტომობილი არის 2 წელზე ნაკლების.

თაია არდოტელი